მარჯანიშვილის თეატრის სხვენში პრემიერაა - ანჯელინა როშკას „მესაფლავე“

საქართველო, თბილისი - 12:09 | 06.06.2016
ნანახია: 1866

10, 11, 12 ივნისს მარჯანიშვილის თეატრის სხვენში პრემიერაა - მაყურებელი მინის თეატრის ახალ სპექტაკლს ნახავს. მინის თეატრი 2012 წელს დაარსებული არასტაციონარული თეატრია - თეატრალური კომპანიაა, რომელსაც არ გააჩნია საკუთარი სცენა და წარმოდგენებს მართავს სხვადასხვა სცენებზე. მინის თეატრმა რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე მაყურებელს წარუდგინა ტენესი უილიამსის „მინის სამხეცე“, ჯონ ოსბორნის „მოიხედე მრისხანების ჟამს“, მარჯანიშვილის თეატრის სხვენში - ეჟენ იონესკოს „მაკბეტტ“. მინის თეატრი ამჯერად მოლდოველი დრამატურგის - ანჯელინა როშკას „მესაფლავეს“ წარუდგენს მაყურებელს. მინის თეატრის მონოსპექტაკლი ეძღვნება დიდი ქართველი თეატრმცოდნის ვასო კიკნაძის ნათელ ხსოვნას. ვასო კიკნაძე ბრძანდებოდა როგორც  სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორის - რეზო შატაკიშვილის, ასევე მსახიობის - ოთო ჩიქობავას პედაგოგი.

ამბავი მსახიობის საგრიმიოროში ვითარდება.

თეატრში „ჰამლეტის“ პრემიერაა. ახალგაზრდა მსახიობს, რომელიც თეატრში სწორედ ჰამლეტის როლმა მიიყვანა და ამ როლის განსახიერება ოცნებად აქვს ქცეული, ათამაშებენ მესაფლავის როლს... მსახიობის საგრიმიოროში,  ახალი, თანამედროვე ჰამლეტის ტრაგედია თამაშდება - მსახიობი გვიყვება თავის სევდიან, ტრაგიკულ თავგადასავალს, საგრიმიოროში თამაშობს სცენებს ”ჰამლეტიდან”, თამაშობს როგორც ჰამლეტი...  ჰამლეტისეულ ”ყოფნა-არყოფნას” ენაცვლება დილემა - სცენაზე ყოფნა-არყოფნა, გასვლა-არგასვლა - გავიდეს და ითამაშოს თუ არა ეპიზოდური როლი. საკითხი თავისთავად იხსნება - ის იღუპება საგრიმიოროში... ესაა სპექტაკლი იმაზედ, თუ რა დაუნდობლად სრისავს ეს ცხოვრება  ნიჭიერ ადამიანებს, არ აძლევს გასაქანს და აქცევს საკუთარი თავის მესაფლავედ...

სცენაზე ერთი მსახიობი დგას (ოთო ჩიქობავა), მაგრამ სპექტაკლში აუდიოჩანაწერების მეშვეობით ასევე მონაწილეობენ - მარინა კახიანი (ახმოვანებს გერტრუდას), ნინო იოსელიანი (ს ოფელია), გიორგი იარაჯული (რეჟისორი), გიორგი გასვიანი (უცნობი მამაკაცი) და სხვა.

პრემიერის დასრულებისთანავე მინის თეატრი უკრაინაში მონოსპექტაკლების საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე მიდის, 15 ივნისს ხმელნიცკში წარსდგება მაყურებლის წინაშე, 23 ივნისს - ჩერნიგოვში. ფესტივალის დასრულების შემდეგ თეატრი დრამატურგის სამშობლოში - მოლდოვაში მიემგზავრება გასტროლზე -  28-29 ივნისს კიშინოვში, მოლდოვას ნაციონალურ თეატრში  ითამაშებენ „მესაფლავეს“.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე