რა მოხდა და რა განმარტებას აკეთებს ჟურნალისტი სალომე ასათიანი ივანიშვილის ინტერვიუსთან დაკავშირებით (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 12:27 | 03.06.2016
ნანახია: 2469

ჟურნალისტი სალომე ასათიანი, რომელმაც ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს საზოგადოებრივი მაუწყებლისა  და რადიო „თავისუფლების“ ერთობლივ პროექტში - გადაცემა „ინტერVIEW“-ში უმასპინძლა, მცირე განმარტებას აკეთებს. აღნიშნულ განმარტებას ის „ფეისბუქში“ საკუთარ გვერდზე ავრცელებს. 
„მოკლე განმარტება მინდა გავაკეთო. ინტერვიუს ჩაწერამდე იყო შეთანხმება, რომ ვისაუბრებდით ბიძინა ივანიშვილის წერილზე და დამატებით სხვა საკითხებზეც. წინა დღეს პირადად ველაპარაკე მისი პრესცენტრის წარმომადგენელს, გიორგი უძილაურს. ვუთხარი, რომ წერილის მიღმა ვისაუბრებდით ივანიშვილის ძალაუფლებაზე და კულტურის პოლიტიკაზე, კერძოდ საყდრისზე და პანორამა თბილისზე. წერილიდან - ქართული ოცნების პერსპექტივებზე, სასამართლოს თავისუფლების ხარისხზე, წინა ხელისუფლების ავტორიტარული მემკვიდრეობის სამართლებრივ და პოლიტიკურ შეფასებაზე, საგარეო ურთიერთობებზე. ყველა ამ თემაზე მივიღეთ თანხმობა. ასევე გვქონდა ნებართვა დაგვესვა საკუთრივ საუბრის პროცესში, სპონტანურად გაჩენილი კითხვები, ყველა ამ თემის გარშემო. წინასწარ ფორმულირებული შეკითხვები არ გაგვიგზავნია, რადგან ამას არასოდეს ვაკეთებთ, მაგრამ თემები, რომლებსაც შევეხეთ, იყო შეთანხმებული. არ ვიცი რა მოხდა, გადასცეს თუ არა სტუმარს ეს საკითხები და რატომ გამოვიდა ასე. სავარაუდოდ, მათ სხვაგვარად ესახებოდათ წერილზე საუბარი. თუმცა, წერილს ნამდვილად შევეხეთ, ციტატებიც მოვიტანეთ და წერილში წამოჭრილი საკითხების გაშლაც ვთხოვეთ. ეს გადაცემა ჩაფიქრებულია როგორც "ჰარდ თოქი" (თავს არ ვაიგივებთ, მაგრამ გვსურს ასეთები ვიყოთ). თამაშის წესებია, რომ მე სტუმრის ოპონენტის როლი უნდა ვიტვირთო და კრიტიკული კითხვები უნდა დავსვა. ესეც პირადად ავუხსენი როგორც გიორგი უძილაურს, ისე სტუმარს, ჩაწერის დაწყებამდე. ამაზეც მითხრეს, რომ გადაცემა იციან და სწორედ ამიტომ მოისურვეს ჩვენთან სტუმრობა. ყველა ამ ფაქტორის გათვალიწინებით უცნაურია ის, რაც მოხდა.
"ქაღალდებში ქექვისთვის" კი ბოდიშს გიხდით. უცებ გამიჭირდა საჭირო ციტატის მოძებნა და ცოტა დრო დამჭირდა ამისთვის. გადაცემა ეთერში გავიდა ხელუხლებლად, ჩავწერეთ როგორც პირდაპირი ეთერი, არც პაუზები და საერთოდ არც ერთი წამი არ შეგვიცვლია. იმედია მაპატიებთ შექმნილ დისკომფორტს“, - წერს ჟურნალისტი. 

 

 







არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე