პოლიციელების მიერ ნაცემი აფროამერიკელი 22 მლნ დოლარს მიიღებს

საქართველო, თბილისი - 14:16 | 02.06.2016
ნანახია: 1390

ამერიკის ოჰაიოს შტატის ქალაქ ისტ-კლივლენდის სასამართლომ პოლიციელების მიერ სასტიკად ნაცემი აფროამერიკელი არნოლდ ბლეკის სასარგებლოდ ქალაქის ხელისუფლებას 22 მლნ დოლარის კომპენსაციის გადახდა დააკისრა. ამის შესახებ Fox News-ი იტყობინება.

ინციდენტი 2012 წელს მოხდა. ორმა პოლიციელმა გააჩერეს ავტომობილი, რომელსაც 48 წლის ბლეკი მართავდა. სამართლდამცველებმა მამაკაცი ნარკოტიკების გადატანაში დაადანაშაულეს და დააკავეს.

ბლეკის თქმით, ერთ-ერთი პოლიციელი, რომელიც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, მას რეზინის ჯოხს თავში ურტყამდა. ამის შემდეგ მამაკაცი პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს, სადაც ოთხი დღე საკვებისა და წყლის გარეშე ჰყავდათ დაკავებული.

ბლეკს ნარკოტიკები ვერ აღმოუჩინეს. მან ისტ-კლივლენდის ხელისუფლებას სასამართლოში უჩივლა და კომპენსაცია მოითხოვა. როგორც მისი ადვოკატები ამტკიცებდნენ, ცემის შედეგად ბლეკს მეხსიერება დაუქვეითდა და თავის ტვინის რთული ოპერაცია გადაიტანა.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, სამართალდამცველები პოლიციაში აღარ მუშაობენ. ქალაქის ხელისუფლების  ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ვერდიქტს გაასაჩივრებენ.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე