სამინისტროს ონლაინ პლატფორმების პოზიტიური შეფასება

საქართველო, თბილისი - 19:43 | 01.06.2016
ნანახია: 1651

მედიის განვითარების ფონდმა, ევროინტეგრაციის საკითხთა კომუნიკაციისა და ინფორმაციის შესახებ საქართველოს მთავრობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შეფასების მიზნით კვლევა ჩაატარა, რომლის ინტერესის ობიექტშიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ონლაინ პლატფორმებიც მოხვდა.
ფონდის შეფასებით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ონლაინ პლატფორმები ევროინტეგრაციის საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებისა და მათთან ინტერაქციის, ასევე ანგარიშგების მხრივ ყველა უწყების პლატფორმისგან გამორჩეულია.
კვლევაში აღნიშნულია, რომ „კულტურის პოლიტიკის შემუშავებაში საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტროს სპეციალური ვებ-გვერდი აქვს შექმნილი, რომლის სლოგანია „ერთად შევქმნათ კულტურის პოლიტიკა“. საიტი დეტალურ ინფორმაციას მოიცავს, როგორც დოკუმენტების, ასევე საზოგადოებასთან გამართული შეხვედრების და მასში მონაწილე პირების შესახებ და შეიძლება ითქვას, რომ ანგარიშგების თვალსაზირისით სხვა უწყებებისგან გამორჩეულია“.
კვლევა ასევე ხაზს უსვამს, რომ სამინისტროს ვებ-პლატფორმები ერთ-ერთი გამორჩეულია საზოგადოებასთან ინტერაქციისა და ანგარიშვალდებულების მხრივ და მაგალითად მოჰყავს სამინისტროს ვებ-გვერდზე თვალსაჩინო ადგილას გამოტანილი „შემოქმედებითი ევროპის“ ბანერი, რომელიც კითხვა-პასუხის მარტივი ფორმით ამომწურავ ინფორმაციას იძლევა პროგრამით სარგებლობის წესებისა და შესაძლებლობების შესახებ, ასევე, მითიუთითებს პროგრამის კოორდინატორების საკონტაქტო ინფორმაციას.
მედიის განვითარების ფონდმა კვლევა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში განახორციელა. მედიის განვითარების ფონდის მიერ მომზადებული ანგარიში მიზნად ისახავდა შეეფასებინა ევროინტეგრაციის საკითხთა კომუნიკაციის სტრატეგია, სტრატეგიით განსაზღვრული ამოცანების შესრულება, შესაბამისი სამოქმედო გეგმები საერთაშორისო კონტექსტისა და მედია გარემოს გათვალისწინებით - ასევე, შეემუშავებინა რეკომენდაციები.

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე