აწყურის ციხისა და აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის ტერიტორიაზე მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 12:01 | 01.06.2016
ნანახია: 1854

31 მაისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ აწყურის ციხე და აწყურის ღვთისმშობლის ტაძარი მოინახულეს. ასევე, დაათვალიერეს ტაძრის სარეაბილიტაციო ინფრასტრუქტურული სამუშაოები და ტაძრის ტერიტორიაზე არსებული არქეოლოგიური გათხრები. ღონისძიებას ესწრებოდნენ ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი მეუფე თეოდორე, სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი სამცხე-ჯავახეთის მხარეში აკაკი მაჭუტაძე და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა მელიქიძე.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ, 3D ფორმატში მომზადებული ვიდეორგოლით, დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ ნახონ როგორი იქნება აწყურის ღვთისმშობლის ტაძარი რეაბილიტაციის შემდეგ. ამ ეტაპზე, ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს, რომელიც ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება; მისი დასრულების შემდეგ დაგეგმილია ტაძრის მცირე კონსტრუქციული გამაგრებები; წელსვე იგეგმება აწყურის ციხის ჩამოშლილი სამხრეთ კედლის გაწმენდითი სამუშაოები. სპეციალურად მონტაჟდება საბაგირო, რომლის საშუალებითაც კედლიდან ჩამონგრეულ ქვებს ქვევით ჩამოიტანენ და უკვე გაწმენდილ მდგომარეობაში დაუბრუნებენ პირვანდელ ადგილს. აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალ წელს დაიწყება.

არქეოლოგიურ სამუშაოებს პროფესორი ვახტანგ ლიჩელი ხელმძღვანელობს.

აწყურის ღმრთისმშობლის საკათედრო ტაძარი

აწყურის ღმრთისმშობლის საკათედრო ტაძარი (ახალციხის მუნიციპალიტეტი), ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია სამხრეთ საქართველოში. ტაძრის თავდაპირველი მშენებლობის შესახებ ისტორიული ცნობები არ შემორჩენილა. მიწისძვრით დანგრეული ეკლესია აღადგინეს სამცხის მმართველმა ათაბაგებმა, ჯაყელებმა – XIV-XV სს-ში. ტაძარი მხატვრულ- არქიტექტურული ღირებულებით, ისტორიული მნიშვნელობითა და გამორჩეული მონუმენტურობით, ქართული საკულტო ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია. ამჟამად, ძეგლის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, როგორც არქიტექტურული, ასევე კონსტრუქციული თვალსაზრისით. ჩანგრეულია კამარა, დაბზარულია კედლები, საპირე წყობის დიდი ნაწილი ჩამოცვენილია და მორღვეულია კედლის ზედა მონაკვეთები. ფაქტობრივად, ტაძრის 2/3 დანგრეულია.

აწყურის ციხე

აწყურის ციხე, რომელიც საქართველოს საფორტიფიკაციო ნაგებობებს შორის ერთ‐ერთ მნიშვნელოვან, მასშტაბურ კომპლექსს წარმოადგენს, მდებარეობს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე. სათავდაცვო კომპლექსს ხანგრძლივი ისტორია აქვს და ის ფუნქციონირებდა X- XI სს-დან მთელი შუა საუკუნეების მანძილზე, XIX ს-მდე. მნიშვნელოვან სტრატეგიულ ადგილზე, მიუდგომელ კლდოვან კონცხზე აგებული აწყურის ციხე იცავდა და აკონტროლებდა მტკვრის ხეობას და სამხრეთ საქართველოსთან დამაკავშირებელ გზას. ციხის ზღუდის მაღალი კედლები, რომლებიც აღმოსავლეთ-დასავლეთის გრძივ ღერძზე გაშლილ დიდ არეს შემოფარგლავს, რთულ რელიეფს მიუყვება, სადაც ქვედა და ზედა ციხე გამოიყოფა. გალავანში ჩართულია ბურჯები და გეგმაში არასწორი გეომეტრიული ფორმის ოვალური და წაგრძელებული მოყვანილობის კოშკები.საყურადღებოა, ასევე, ციხესთან დამაკავშირებელი კამარით გადახურული გვირაბი, რომელიც დასავლეთის მხრიდან, მტკვრის სანაპიროზე გამავალი გზის პირას იწყება და ეზოს ქვედა ტერასაზე ადის. 2015წელს შემუშავდა პროექტი, რომლის მიხედვით პირველ ეტაპზე უნდა აღდგეს სამხრეთ ნაწილის ავარიული ქონგურებიანი კედელი, შემდგომ გამაგრდეს კლდის სამხრეთი მხარე, ხოლო მესამე ეტაპზე ჩატარდება გვირაბისა და ციტადელის სარესტავრაციო სამუშაოები.რაციო სამუშაოები.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე