მერიის დაფინანსებით ბავშვების პირველი ნაკადი დასასვენებლად ბაკურიანში გაემგზავრა

საქართველო, თბილისი - 11:49 | 01.06.2016
ნანახია: 1357

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) და სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისა და მოზარდების პირველი ნაკადი მთის კურორტზე დასასვენებლად გააცილეს. ბავშვების ბაკურიანში გაცილების ცერემონიაში მონაწილეობა, ასევე, მიიღო საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ტყემალაძემ.

თბილისის მერიის „შშმ პირთა საკურორტო მომსახურებისა“ და „ბავშვთა კულტურულ – გამაჯანსაღებელი საზაფხულო ბანაკების“ ქვეპროგრამების ფარგლებში, ბაკურიანში, სასტუმროებში – „თბილისსა“ და „ვერე პალასში“ 3 600 ბავშვი და მოზარდი დაისვენებს, მათ შორის 600 შშმ პირი და მათი მომვლელია.

ორივე ქვეპროგრამის ფარგლებში, დღეს, ბაკურიანში 200 დამსვენებელი გაემგზავრა.

დავით ნარმანიამ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, პროგრამის ფარგლებში შშმ და მრავალშვილიანი სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვები და მოზარდები სხვადასხვა კურორტზე მთელი ზაფხულის განმავლობაში დაისვენებენ.

3–დან 21 წლამდე ასაკის მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული 1200–მდე შშმ პირი და მათი მომვლელი მთის გარდა, ზაფხულში ზღვის კურორტზე, ურეკში, ადაპტირებულ სასტუმრო „პრიმაში“ დაისვენებს.

სულ, 2016 წლის ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით, მთაში და ზღვაზე 12–12 დღის განმავლობაში 4 800 კაცი დაისვენებს, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 200–ით მეტია.

კურორტებზე ყველა ავტობუსს სასწრაფო დახმარებისა და პატრულის მანქანების ეკიპაჟები, ასევე, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის თანამშრომლები გააცილებენ, რომლებიც დამსვენებელთა დაბინავებამდე ადგილზე დარჩებიან.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე