პრემიერა ქუთაისის ოპერის თეატრში

საქართველო, თბილისი - 15:46 | 31.05.2016
ნანახია: 2056

3 ივნისს 19:00 საათზე ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი (სამხატვრო ხელმძღვანელი ირინე ლომინაძე) გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის ოთარ თაქთაქიშვილის ლირიკულ-კომიკური ოპერის “პირველი სიყვარულის” პრემიერას წარმოადგენს.

ეს არის დირიჟორ მალხაზ კობახიძის, რეჟისორ ლერი პაქსაშვილის, მხატვარ თემურ არსენიძის, ქორეოგრაფ ასლან იუსუპოვის მიერ 1991 წელს დადგმული სპექტაკლის აღადგინილი და განახლებული ვერსია, რომელზეც ამჯერად იმუშავა შემოქმედებითმა ჯგუფმა შემდეგი შემადგენლობით -  რევაზ ჯავახიშვილი (დირიჟორი), მაია გაჩეჩილაძე (რეჟისორი), თემურ არსენიძე (მხატვარი), ვახტანგ უშვერიძე (ქორეოგრაფი).

“პირველი სიყვარულის” საპრემიერო შესრულებაში თეატრის მთავარი დირიჟორის რევაზ ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით მონაწილეობას მიიღებენ სოლისტები: ნაირა კიკოლიაშვილი (მარგალიტა ამყოლაძე), ემილ ჩარგაზია (ტრიფონია დამყოლაძე), რამაზ კუბლაშვილი (ერთაოზი), კალისტრატე ხარჩილავა (ხუტა ოდიშარია), იაგო ბუხრიკიძე (ნოშრევან კუჭუხიძე), მიხეილ ქებაძე (იტალიელი ნეგოციანტი), ჟანეტა მაჩალაძე (ტელეგრაფისტი ღერონტი), ლაშა თითბერიძე (ქრისტეფორე მგალობლიშვილი), მოცეკვავე ანა ჩიქვილაძე (თამუნია), თეატრის გუნდი  (მთავარი ქორმაისტერი - ნათია გოგუაძე) და ორკესტრი.

ოთარ თაქთაქიშვილის ოპერას “პირველ სიყვარულს”, რომელიც 1979 წელს შეიქმნა, საფუძვლად დაედო რეზო გაბრიაძის ლიბრეტო, შექმნილი მისივე მოთხრობის “უცხო ჩიტის” მიხედვით (მანამდე კი, 1973 წელს, ეს მოთხრობა საფუძვლად დაედო ელდარ შენგელაიას გახმაურებული ფილმის “შერეკილების” კინოსცენარს).

ქართული მუსიკის დიდოსტატი ოთარ თაქთაქიშვილი თავის ოპერასთან “პირველ სიყვარულთან” დაკავშირებით აღნიშნავდა: “ოპერა ეძღვნება მათ, ვინც ისწრაფვის თავი დააღწიოს მდაბალ გრძნობათა ობივატელურ სამყაროს, ვინც მიისწრაფვის მშვენიერებისა და ამაღლებულისაკენ. ოპერა დასცინის დღემოკლე, მწირი მიზნებით გატაცებულ ადამიანებს, ცდილობს დიდების კვარცხლბეკზე აიყვანოს პიროვნებები, რომელთათვისაც გატაცება, ოცნება და ნათელი სიყვარულია უპირველესი”.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე