"თელასმა" ცენტრალური რაიონების ელექტრომომარაგების საიმედოობა გაზარდა

საქართველო, თბილისი - 17:18 | 08.10.2015
ნანახია: 1670

 

კომპანია „თელასმა“ ქვესადგურიდან „თეც“ გამომავალი ცენტრალური გამანაწილებელი პუნქტების ცგპ №6000 და ცგპ №6025 სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაასრულა. აღნიშნული ქვესადგური 25 300 აბონენტის, მათ შორის პარლამენტის, სახელმწიფო კანცელარიის, სამედიცინო დაწესებულებების ელექტრომომარაგებას უზრუნველყოფს.

ორივე ცგპ-ში განხორციელებული ტექნიკური გადაიარაღების სამუშაოების შედეგად, 70 მოძველებული 6 კილოვოლტიანი უჯრედი ზეთიანი ამომრთველებით შეიცვალა თანამედროვე უჯრედებით, რომლებიც აღჭურვილია ვაკუუმური ამომრთველებით და მიკროპროცესორული სარელეო დაცვით, რაც თბილისის ცენტრალური რაიონების - მთაწმინდა, ჩუღურეთი და დიდუბე - მოსახლეობის და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების ენერგომომარაგების საიმედოობას და ხარისხს არსებითად აამაღლებს.

სს „თელასის“ საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, ცრპ-ების რეკონსტრუქციაზე დახარჯულმა თანხამ 1 193 000 ლარი  შეადგინა.

ქვესადგურიდან გამომავალი ცგპ-ების კომპლექსური მოდერნიზაცია განხორციელდა ავარიული გამორთვების ლოკალიზაციისა და ქსელის სხვა ნაწილებზე დაზიანების გავრცელების პრევენციისათვის. ქვესადგურის „ტეც“ ძლიერ ამორტიზებული მოწყობილობებისა და აღნიშნულთან დაკავშირებით ამომრთველებისა და სარელეო დაცვის მოწყობილობების ხშირი მტყუნების გამო, საკაბელო ხაზში დაზიანების წარმოქმნისას, ითიშებოდა მეზობელი საკაბელო ხაზებიც. აღნიშნული ქვესადგური არ არის სს „თელასის“ მფლობელობაში, ამასთან „თეც“-ის მესაკუთრეების მიერ მოწყობილობების რემონტი არ ჩატარებულა.

გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი, სსს „ინტერ რაო“-ს სტრატეგიებისა და ინვესტიციების ბლოკის ხელმძღვანელი, გამგეობის წევრი ილნარ მირსიაპოვი, სსს „ინტერ რაო“-ს ცენტრალურ აზიასა და ამიერკავკასიაში აქტივების მართვის ბლოკის ხელმძღვანელი დიმიტრი ვოლკოვი, სსს „ინტერ რაო“-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორი, საინფორმაციო პოლიტიკის ბლოკის ხელმძღვანელი ანტონ ნაზაროვი და სს „თელასის“ გენერალური დირექტორი სერგეი კობცევი.

კომპანია „თელასი“ მომავალშიც აპირებს განახორციელოს პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავენ ქსელის მუშაობის ეფექტიანობის და საიმედოობის ამაღლებას.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე