საქართველოს პრეზიდენტი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, სლოვაკეთის პრეზიდენტს მასპინძლობს

საქართველო, თბილისი - 10:20 | 30.05.2016
ნანახია: 1305

 სლოვაკეთის პრეზიდენტის ანდრეი კისკას დახვედრის ოფიციალური ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

ცერემონიაზე სლოვაკეთისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები შესრულდა, რის შემდეგაც პრეზიდენტებმა საქართველოს სახელმწიფო დროშას მიაგეს პატივი და წითელ ხალიჩასთან განლაგებულ საპატიო ყარაულის მწკრივს ჩაუარეს. სახელმწიფო ჰიმნები საქართველოს შეიარაღებული ძალების ორკესტრმა შეასრულა.

დახვედრის ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში, მხარეებმა ერთმანეთს სლოვაკეთისა და საქართველოს დელეგაციები და დიპლომატიური კორპუსის წევრები წარუდგინეს.

საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან ერთად, დახვედრის ოფიციალურ ცერემონიას საქართველოს მთავრობის წევრები და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე,  პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძე, საქართველოს ელჩი სლოვაკეთში რევაზ გაჩეჩილაძე, პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, ეკონომიკური მრჩეველი მაია მელიქიძე, პრეზიდენტის მრჩეველი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში თინათინ მჟავანაძე.

დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, გაიმართება პრეზიდენტების შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში. ასევე, გაკეთდება მედიისთვის განცხადებები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე