თუმანიანის ქუჩაზე ორი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დასრულდა

საქართველო, თბილისი - 14:19 | 28.05.2016
ნანახია: 1572

თბილისის მერია და თბილისის განვითარების ფონდი,  ქალაქის ისტორიული ნაწილის სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, სამუშაოებს ზემო კალაში აწარმოებს. სამშენებლო - სარეაბილიტაციო სამუშაოები  თუმანიანის ქ. N3 და N1-ში დასრულებულია. აღნიშნულ მისამართზე, ამჟამად,   ეზოს მოპირკეთება და შიდა ფასადის სამღებრო სამუშაოები მიმდინარეობს,  ხოლო მიმდებარე ტერიტორიაზე, თუმანიანის 2 ჩიხი N3 - სა და ბეთლემის ქ. N10-ში საცხოვრებელი სახლების სამშენებლო სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება.

თუმანიანისა და ბეთლემის ქუჩებზე მიმდინარე სამუშაოებს დღეს ქალაქ თბილისის მერი  დავით ნარმანია და თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ბაიდარაშვილი გაეცნენ.  დავით ნარმანიას თქმით,  აღნიშნული პროექტების განხორციელებით, 30-ზე მეტი ოჯახის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

„რამდენიმე სახლი, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები,  განადგურებას გადაურჩა. მნიშვნელოვნად წესრიგდება თუმანიანის ქუჩა. უკვე დამთავრებულია ორი სახლის რეაბილიტაცია კულტურული მემკვიდრეობის წესების სრული დაცვით.  სამუშაოების მეორე ნაწილი კი სექტემბრისთვის დასრულდება. მოსახლეობაც კმაყოფილი იქნება და ქალაქის უძველეს  უბანსაც ისტორიული სახე შენარჩუნდება“-განაცხადა თბილისის მერმა. 

გარდა თუმანიანის ქუჩისა, მშენებლობა მიმდინარეობს ბეთლემის ქუჩაზეც.   უკვე დასრულებულია N10 - ში მდებარე  საცხოვრებელი სახლის   საძირკვლის ფილის მოწყობის, კარკასისა და სართულშუა გადახურვის სამუშაოები. პირველ სართულზე და სარდაფში მოეწყო ტიხრები. ასევე, იცვლება კომუნიკაციები - მონტაჟდება ელექტროგაყვანილობა, ილესება როგორც ფასადი, ასევე შენობის შიდა ნაწილი.  

ზემო კალას რეაბილიტაციის ფარგლებში, აღნიშნულ მისამართებზე მცხოვრები 38  ოჯახი, რომელიც  სამუშაოების პერიოდში,  თბილისის განვითარების ფონდმა  ბინის ქირით უზრუნველყო,  ახალ, რეაბილიტირებულ  საცხოვრებელ სახლებს დაუბრუნდება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე