საქართველოს პრეზიდენტმა იუნკერებს თავდაცვის აკადემიის 23 წლის იუბილე მიულოცა

საქართველო, თბილისი - 13:39 | 28.05.2016
ნანახია: 1410

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს თავდაცვის აკადემიას  23 წლის იუბილე დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა  მიულოცა.

საქართველოს პრეზიდენტმა აკადემიის კურსანტებს და პედაგოგებს მიმართა და განაცხადა, რომ დღეს ქართველი ჯარისკაცები გამორჩეული ადამიანები არიან, რომლებზეც  სწორება აქვს საზოგადოების სხვა ნაწილს.

„ეროვნული თავდაცვის აკადემიის მსმენელები - იუნკერები არიან. ეს არის ის დიდი წარსული, რომელსაც ჩვენ ერთად დღესაც ვაცოცხლებთ და მომავლისკენ მივმართავთ.

თქვენ უმნიშვნელოვანესი მისია გენიჭებათ - უნდა დაიცვათ ჩვენი მოქალაქეების მშვიდობა, თქვენ უნდა დაიცვათ ქვეყნის განვითარება, თქვენ უნდა უზრუნველყოთ ურთულეს ვითარებაში ჩვენი ქვეყნის დაცულობა.

მე არაერთხელ მითქვამს და დღესაც გავიმეორებ, რომ როგორც მხედართმთავრების, ასევე ჯარისკაცის ყველაზე დიდი გამარჯვება არის, როდესაც ომი მოგებულია ბრძოლის გარეშე. ეს ის მიზანია, რომელიც გვაერთიანებს პოლიტიკოსებსაც და სამხედრო მოსამსახურეებსაც.

თქვენ მოდიხართ ძალიან დიდი სამხედრო და ისტორიული წარსულიდან და დარწმუნებული ვარ შექმნით ასეთივე მომავალს, რომელსაც ჩვენ გადავცემთ ჩვენს შთამომავლობას.
საქართველოში ძალიან ბევრი გამორჩეული ადამიანია, მათგან ძალიან ბევრი გამორჩეული ადამიანი მსახურობს შეიარაღებულ ძალებში.

განსაკუთრებული და ნიჭიერი ერი და სახელმწიფო ვართ. მაგრამ დღეს უკვე ნათლად ჩანს, რომ ქართული საზოგადოების ის გამორჩეული ფენა, რომელზეც გააკეთებს სწორებას  საზოგადოების სხვა ნაწილი - ეს არის შეიარაღებული ძალები, ეს არის ადამიანი ფორმაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის, რომ ქვეყანაში იყოს ნაწილი საზოგადოების, რომელზეც დანარჩენები სწორებას გააკეთებენ, განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, ნელ-ნელა საზოგადოების ასეთ ფენად ყალიბდებიან ქართველი ჯარისკაცები და ქართული შეიარაღებული ძალები.

„ეს იმ გმირების დამსახურებაა, რომელთაც როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო მისიებში, საკუთარი სისხლით, საკუთარი ჯანმრთელობის ფასად შექმნეს ისეთი იმიჯი ჩვენს საზოგადოებაში, რომ ფორმაში ჩაცმული ადამიანი პატივისცემის ღირსია.

ბუნებრივია, მათი სიცოცხლე, მათი ღვაწლი, მათი გმირობა თქვენს მხრებზე გადმოდის და ეს ვალდებულება, რომ  ემსახუროთ მათ სახელს, მათ ხსოვნას და ეს მაღლა აწეული დროშა არ დაუშვათ,   თითოეულ იმ ადამიანზე გადმოდის ვისაც სამხრეები უკეთია", - განაცხადა პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტმა და თავდაცვის მინისტრმა სამსახურებრივი მოვალეობის ღირსეულად შესრულებისათვის თავდაცვის აკადემიის პირადი შემადგენლობა დააჯილდოვეს.

დღეს თავდაცვის აკადემია საქართველოში არსებული ერთადერთი უმაღლესი სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელშიც საბაკალავრო, სამაგისტრო და ოფიცერთა საკარიერო სკოლები ფუნქციონირებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე