დიპლომატიური ტურის ფარგლებში ელჩები სამეგრელოს რეგიონს ეწვევიან

საქართველო, თბილისი - 11:25 | 28.05.2016
ნანახია: 1260

28-29 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით გაიმართება "დიპლომატიური ტური", რომლის ფარგლებშიც  საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები სამეგრელოს რეგიონს ეწვევიან.

დიპლომატიურ ტურში საქართველოში აკრედიტებული ორმოცამდე რეზიდენტი და არარეზიდენტი ელჩი მიიღებს მონაწილეობას. 

ტურის ფარგლებში დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები გაეცნობიან სამეგრელოს  რეგიონის როგორც ეკონომიკურ, ასევე ტურისტულ პოტენციალს და ღირშესანიშნაობებს. 

დიპლომატიური ტურის ფარგლებში სტუმრები საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს გამართავენ რეგიონის ხელმძღვანელობასთან.

დიპლომატები გაეცნობიან საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ პროექტებს,ელჩები აგრეთვე დაათვალიერებენ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის განკუთვნილ ტერიტორიას და „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში მოქმედ საწარმო „სტიმორს“.

დიპლომატიური ტურის მონაწილეებისთვის რეგიონის შესახებ პრეზენტაციას გამართავს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია. 

ტურის ფარგლებში დიპლომატები მოინახულებენ სამეგრელოში არსებულ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. 

დიპლომატიური ტური 2016-ის თანაორგანიზატორია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო,  საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, „საპარტნიორო ფონდი“ და საქართველოს რკინიგზა.​

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე