ოთარ დანელია ფორუმს - „გაუზიარე გამოცდილება საქართველოს“ დაესწრო

საქართველო, თბილისი - 17:50 | 27.05.2016
ნანახია: 1284

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ  დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ორგანიზებულ ფორუმში „გაუზიარე გამოცდილება საქართველოს“  მონაწილეობა მიიღო და  ფორუმის მონაწილეებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროგრამები  დეტალურად გააცნო. 

ოთარ დანელიამ სოფლის მეურნეოების სამინისტროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებზე  და  სოფლის მეურნეობის განვითარების 2015-2020 წლების სტრატეგიაზე  ისაუბრა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიღწევებზე და  მთავარ გამოწვევებზე.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა დარგის განვითარებისთვის  დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერისა და  ფინანსური კონტრიბუციის მნიშვნელობა.

,,საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს  ხელი მოეწერა „ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის საქართველოში“ II ეტაპის (ENPARD Georgia II) საფინანსო შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც საქართველო ევროკავშირისგან  სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის  50 მილიონი ევროს ოდენობით საბიუჯეტო, საგრანტო და ტექნიკურ დახმარებას მიიღებს“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

ფორუმზე მინისტრმა ისაუბრა ,,ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების“ (DCFTA) ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების შესახებ და ყურადღება სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და ფოტოსანირატიის საკითხებზე გაამახვილა. ოთარ დანელიამ  ყურადღება გაამახვილა ექსპორტის პოტენციალის მქონე პროდუქტებზე და  ფორუმის მონაწილეებს ქართული ღვინის, თხილის და მოცვის ექსპორტის მზარდი დინამიკის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

მინისტრმა ფორუმის მონაწილეებს  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების და მელიორაციის კუთხით მიმდინარე ღონისძიებებზე ესაუბრა.   

„ძლიერი სოფელი არის ძლიერი კონტრიბუტორი სახელმწიფოს ეკონომიკაში. ჩვენ გვაქვს ბევრი გამოწვევები, მაგრამ ჩვენ დარგის განვითარებას ვუდგებით კომპლექსურად  და კონკრეტული  პოზიტიური შედეგებიც უკვე გვაქვს. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგი  რეგიონში ყველაზე სწაფად მზარდია“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე