თბილისში ვიზიტით მყოფმა „ინტერ-რაო ეესის“ ხელმძღვანელობამ საქართველოში მიმდინარე და განხორციელებული პროექტები შეაჯამა

საქართველო, თბილისი - 16:00 | 08.10.2015
ნანახია: 1703

თბილისში ვიზიტით მყოფმა „ინტერ-რაო ეესის“ ხელმძღვანელობამ საქართველოში მიმდინარე და განხორციელებული პროექტები შეაჯამა.

ამ მიზნით კომპანიის მენეჯმენტი დღეს სასტუმრო „რადისონში“ ქართველ და რუს ჟურნალისტებს შეხვდა. შეხვედრას საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და მინისტრის მოადგილეებიც ესწრებოდნენ.

როგორც „ინტერ-რაო ეესის“ სტრატეგიისა და ინვესტიციების მიმართულების ხელმძღვანელმა ილნარ მერსიაპოვმა შეხვედრაზე განაცხადა, თბილისში კომპანიის საქმიანობა საკმაოდ მომგებიანია.

„ჩვენ არ გვსურს დავკმაყოფილდეთ არსებულით. ვახდენთ იმ ბაზრებზე ოპტიმიზაციას, სადაც ვართ. ასევე ჩვენი მიზანია ახალ ბაზრებზე გასვლა. ჩვენ ვხელმძღვანელობთ ისტორიულად დაგროვილი გამოცდილებით. რაც შეეხება უშუალოდ საქართველოს, ჩვენი საქმიანობა ამ ქვეყანაში კარგად ვითარდება და ამიტომ შევიძინეთ კიდევ ორი აქტივი. ვფიქრობთ, საქმიანობას კიდევ უფრო გავაფართოებთ“, - განაცხადა ილნარ მერსიაპოვმა.

მისივე განმარტებით, „ინტერ-რაო-ეესისთვის“ ახალ ბაზრებზე გასვლა არის ის პლაცდარმა, რითაც კომპანია კიდევ უფრო გაფართოებას გეგმავს.

რაც შეეხება საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს, კახა კალაძე თბილისში კომპანია „თელასის“ საქმიანობას, რომლის 75 %-საც „ინტერ რაო“ ფლობს, დადებითად აფასებს.

„ჩვენ მოვისმინეთ „თელასის“ ანგარისი - რა გაკეთდა წლების განმავლობაში და რა იგეგმება მომავალში. ძალიან საინტერესოა ის ხედვა, რომელიც კომპანიას გააჩნია. „თელასი“ ჩვენთვის მნიშვნელოვანი კომპანიაა, რადგან ის დედაქალაქის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას ახორციელებს. სწორედ ამიტომ, ბუნებრივია, ამ კომპანიის გამართული, კარგი მუშაობა მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენთაგანისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე