პრემიერი: დღევანდელი დღე, იმის გარანტიაა, რომ ვიცხოვრებთ უკეთეს, ერთიან და ძლიერ საქართველოში

საქართველო, თბილისი - 14:34 | 26.05.2016
ნანახია: 1278

,,წელს ჩვენი ქვეყანა თავისი დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს ზეიმობს. ვულოცავ ამ დღეს მთელ საქართველოს, ყველა ჩვენს თანამემამულეს! დღევანდელ დღეს ვულოცავ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, მათ, ვისაც უდიდესი წვლილი მიგიძღვით ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცებაში! განსაკუთრებით გილოცავთ თქვენ, საქართველოს ჯარისკაცებო“, - ასე დაიწყო თავისი გამოსვლა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა თავისი გამოსვლა საქართველოს დამოკიდებლობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

„დღევანდელი დღე გამორჩეულად ამაღელვებელია წვევამდელებისთვის. დღეს თქვენ დადეთ ფიცი სამშობლოს წინაშე და გახდით ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცები. მე მჯერა, რომ თქვენ პირნათლად მოიხდით ვალს სამშობლოს წინაშე და არასოდეს დაივიწყებთ, რის ფასად მოიპოვა ჩვენმა ქვეყანამ ეს დამოუკიდებლობა, არასოდეს დაივიწყებთ მათ, ვინც სიცოცხლე შესწირა ჩვენის სამშობლოს დამოუკიდებლობას“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, სამშობლოს სამსახური ყველაზე დიდი პატივია. დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი ჩვენი ქვეყნის ერთგული ჯარისკაცი იქნება და ყოველთვის გემახსოვრებათ, რომ თქვენს ზურგს უკან ჩვენი სამშობლო, ჩვენი საქართველოა.

„დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, ჩვენი ქვეყნის ერთგულ ჯარისკაცებს, განსაკუთრებით საერთაშორისო მისიების მონაწილე სამხედროებს, რომლებიც საქართველოს სახელმწიფოს იცავენ, იცავენ მშვიდობას მსოფლიოში. მადლობა მათ ქვეყნის ერთგულებისთვის და მსოფლიოში ქართველი ჯარისკაცების უშიშარ, თავდადებულ მეომრებად წარმოჩენისთვის“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ 25 წლის განმავლობაში საქართველომ რთული გზა განვლო, დიდი მსხვერპლი გაიღო. პატივს მივაგებ სამშობლოსთვის დაღუპული გმირების ხსოვნას.

„ჩვენს სამშობლოს ბევრი ტკივილი და გამარჯვება უნახავს, მაგრამ დღევანდელი დღე, დღევანდელი მიღწევები და პერსპექტივები იმის გარანტიაა, რომ ვიცხოვრებთ უკეთეს, ერთიან და ძლიერ საქართველოში. ჩვენს ქვეყანას წინ აქვს დიდი წარმატებები და გამარჯვებები თითოეული ჩვენი მოქალაქის საკეთილდღეოდ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ წარმატებებს ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად მივაღწევთ, შევძლებთ ტკივილის დაძლევას და უკეთესი მომავლისკენ ერთად განვაგრძობთ გზას“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. 

 

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე