პრეზიდენტის პრესსპიკერი განცხადებას ავრცელებს

საქართველო, თბილისი - 11:18 | 26.05.2016
ნანახია: 2365

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი ეკა მიშველაძე განცხადებას ავრცელებს. 

"მოგესალმებით, დღეს თქვენი ყურადღება მინდა შევაჩერო სახელმწიფოსათვის მეტად მნიშვნელოვან რამდენიმე საკითხზე და გაგაცნოთ პრეზიდენტის პოზიცია. 
პირველ რიგში, კიდევ ერთხელ ვეხმაურებით საკერბულოს შუალედურ არჩევნებზე მომხდარ ინციდენტებს. ამასთან დაკავშირებით ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ სახელმწიფო ვალდებულია აღკვეთოს ძალადობა. ეს არის მისი ვალდებულება და არა კეთილი ნების გამოვლინება. 
სახელმწიფო ინსტიტუციების გამართულად მუშაობა ქვეყნის დემოკრატიულობისა და თითოეული მოქალაქის უსაფრთოხების გარანტიაა. 
სწორედ ინსტიტუციებმა უნდა უზრუნველყონ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოება, სამართლიანი და მაღალი სტანდარტის საარჩევნო პროცესი და აღკვეთონ ძალადობის ყოველგვარი გამოვლინება. 
კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ - ის, რაც მოხდა კორცხელში, არის უფრო მეტი, ვიდრე სამართალდარღვევა. ეს არის სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული ქმედება. იმ ადამიანების გარდა, რომლებმაც უშუალოდ მიიღეს ფიზიკური დაზიანება, დაზარალებულია ამომრჩეველი და საქართველოს სახელმწიფო ინტერესები. 
კორცხელში მომხდარზე ეფექტური რეაგირება არის უმნიშვნელოვანესი ტესტი, იმისა, რომ სახელმწიფოს აქვს ნება და შესწევს თავისუფალი და მაღალი სტანდარტის არჩევნების ჩატარების უნარი. 
პრეზიდენტის აზრით, უმნიშვნელოვანესია, როგორც პრევენციული ღონისძიებების გატარება, ასევე მომხდარზე დროული და ეფექტური რეაგირება. სახელმწიფომ უნდა აჩვენოს, რომ ის მართავს ქვეყანაში პროცესებს.
მმართველმა გუნდმა უნდა გაითავისოს, რომ სწორედ ის არის ამ ქვეყნის ხელისუფლება და ყველა კანონდარღვევაზე უნდა ჰქონდეს ადეკვატური რეაქცია. 
პრეზიდენტი მხარს უჭერს, პრემიერმინისტრის სახელმწიფოებრივ პოზიციას კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით, რომ უსწრაფესად გამოვლინდეს ყველა დამნაშავე და თითოეულ მათგანს კანონის შესაბამისად დაეკისროს პასუხისმგებლობა. 
კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, - ხურჩაში მომხდარი ტრაგედია. როგორც მოგეხსენებათ, პრეზიდენტი ახლახანს დაბრუნდა სტამბოლიდან, სადაც გაეროს ორგანიზებით გამართულ, პირველ მსოფლიო ჰუმანიტარულ სამიტზე, უმაღლესი ტრიბუნიდან, ასევე მსოფლიო ლიდერებთან გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა ხურჩაში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევაზე, როდესაც თავხედურად, ცინიზმით, სასტიკად მოკლეს საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია. 
პრეზიდენტმა საკუთარ გამოსვლებში ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მის მიმდებარედ შემქნილ სავალალო ვითარებაზე. 
პრეზიდენტის აზრით, უცნაურია რომ ასეთ დროს, ასეთ ვითარებაში, დღეს, ჩვენ გვიწევს მარტივ ჭეშმარიტებებზე ყურადღების გამახვილება. როდესაც კლავენ ერთ მოქალაქეს, მთელი ქვეყანა, საზოგადოება და სახელმწიფო ვალდებულია გაერთიანდეს ამ დანაშაულის წინააღმდეგ და დაიცვას საქართველოს მოქალაქეები. ასეთ დროს არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკურ შეხედულებებს და პლატფორმებს - ის რაც მოხდა ხურჩაში, არის ყველა მოქალაქის ტრაგედია.  
დაბოლოს, დღეს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცება მიმდინარეობს. დღეს, როდესაც სასამართლოს მიმართ ნდობა აღსადგენია, პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ პარლამენტი არ შეაფერხებს სასამართლოს გაჯანსაღების პროცესს. 
პრეზიდენტი არის ქვეყანაში ინსიტიტუციების დაცვის გარანტი, ინსტიტუციების გამართულად მუშაობა კი, ქვეყნის დემოკრატიულობის საფუძველია. პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ პარლამენტი ხელს შეუწყობს უზენაესი სასამართლოს გამართულად მუშაობას", - განაცხადა მიშველაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე