საკონსტიტუციო სასამართლო დავით უსუფაშვილს ძალადობის წამახალისებელი განცხადებებისგან თავის შეკავებას ურჩევს

საქართველო, თბილისი - 16:58 | 21.09.2015
ნანახია: 2111

საქართველოს საკონსტიტუციო დავით უსუფაშვილს პასუხობს და შეახსენებს, რომ მოქმედი კანონმდებლობით აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზება მოსამართლის საცხოვრებელ ადგილას, ხოლო მოსამართლის მიმართ მუქარა ასევე წარმოადგენს სიხლის სამართლის დანაშაულს. საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებას ”პრაიმნიუსჯორჯია” გთავაზობთ უცვლელად:

”საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას უპასუხოს და ასევე იძულებულია, შეახსენოს ყველა დაინტერესებულ პირს, რომ მოქმედი კანონმდებლობით აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზება მოსამართლის საცხოვრებელ ადგილას, ხოლო მოსამართლის მიმართ მუქარა ასევე წარმოადგენს სიხლის სამართლის დანაშაულს.

როგორც მოგეხსენებათ, „გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საქმესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის და სხვა მოსამართლეების სახლებთან რამდენიმე ჯგუფის მიერ განხორციელდა არაერთი აქცია, რომელიც ხშირ შემთხვევაში ატარებდა აგრესიულ ხასიათს, რომელზეც ისმოდა მოსამართლეთა მიმართ შეურაცხყოფის, მუქარისა და ფიზიკური ანგარიშსწორების შემცველი განცხადებები. ქალაქ ბათუმში ასევე ადგილი ჰქონდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის სახლის შესასვლელის ბლოკირებასა და ფანჯრების მიმართულებით სხვადასხვა ნივთების სროლას.

ხშირ შემთხვევაში აქციების ორგანიზატორებისთვის ცნობილი იყო, რომ საცხოვრებელ სახლებთან ორგანიზებული აქციის დროს თავად მოსამართლეები იქ არ იმყოფებოდნენ და, ამდენად, მუქარისა და ანგარიშსწორების ადრესატები ხდებოდნენ მოსამართლეთა ოჯახის წევრები. ყოველივე ეს საფრთხეს უქმნის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებსა და მათი ოჯახის წევრებს.

ასეთ ვითარებაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელშიც მოსამართლეებს მოუწოდებს პატივი სცენ ადამიანების უფლებას, გამოხატონ საკუთარი პროტესტი, შესაძლოა აღქმული იქნეს მოსამართლეებსა და მათ ოჯახის წევრებზე განხორციელებული ზეწოლის გამართლება და მისი წახალისება.

უდავო ჭეშმარიტებაა, რომ სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს თითოეული მოქალაქის გამოხატვის თავისუფლება. ყველასთვის გარანტირებულია კრიტიკული აზრის გამოხატვის უფლება როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს, ასევე თითოეული მოსამართლის საქმიანობასთან დაკავშირებით, მათ შორის იმ ფორმითა და შინაარსით, რომელიც შესაძლოა იყოს შემაწუხებელი და უსიამოვნო. ამავე დროს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მოსამართლის სახლთან შეკრებილი პირების მხრიდან მუქარის, ძალადობისკენ მოწოდებისა და სახლის ფანჯრებში სხვადასხვა საგნების სროლის გამოხატვის თავისუფლებად შეფასება გარკვეულ კითხვებს აჩენს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო კატეგორიულად მოითხოვს სამართალდამცავი ორგანოებისგან, მოახდინონ სათანადო რეაგირება აღნიშნულ ფაქტებზე და კიდევ ერთხელ მოუწოდებს პოლიტიკური თანამდებობის პირებს, თავი შეიკავონ ისეთი განცხადებების გაკეთებისგან, რომელთაც შესაძლოა წაახალისონ ძალადობა, ხელი შეუშალონ სასამართლოს გამართულ ფუნქციონირებას”.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე