პრობაციის ბიუროს ახალი კონცეფციის ოფისები პირობით მსჯავრდებულთა მიერ დამზადებული ავეჯითა და ინვენტარით აღიჭურვება

საქართველო, თბილისი - 17:30 | 23.05.2016
ნანახია: 1213

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის  კახა კახიშვილის გადაწყვეტილებით,  ახალი კონცეფციის პრობაციის ბიუროს ოფისები  პირობით მსჯავრდებულთა მიერ დამზადებული ავეჯითა და ინვენტარით აღიჭურვება. რუსთავში,  ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს ახალი კონცეფციის ოფისში მისულ საზოგადოებას დღეს როგორც შენობაში, ასევე ეზოში, პირობით მსჯავრდებულთა ხელით შექმნილი საოფისე ავეჯი დახვდა.

„საოფისე მაგიდები და ივენტარი, ასევე,  ოფისის გარეთ განთავსებული  სკამები  პრობაციონერების მიერ თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების  ხის საწარმოშია დამზადებული.  ეს ყველაფერი ნახევარი ფასი დაჯდა.  თუ საოფისე მაგიდა მაღაზიაში დაახლოებით 350 ლარამდე ჯდება, ჩვენთან 150 ლარი ღირს.  გარდა ამისა, ხის საწარმოში დასაქმებულ მსჯავრდებულებსაც  სტიმული აქვთ, რომ ხელფასს,     დღეში დაახლოებით  20 ლარს იღებენ,“  -  განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა  კახა კახიშვილმა.

თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების სოციალურ საწარმოში დასაქმებული პირობით მსჯავრდებულები  ავეჯისა და საოფისე ინვენტარის გარდა,   ეკოლოგიურად სუფთა მასალისაგან  საბავშვო სათამაშოებს, სუვენირებსა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებს ამზადებენ. 

 

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე