ბიძინა ივანიშვილი: "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაანადგურა და ფუნდამენტალური დარტყმა მიაყენა მეცნიერებას

საქართველო, თბილისი - 11:52 | 23.05.2016
ნანახია: 1681

"ნაციონალურმა მოძრაობამ" გაანადგურა და ფუნდამენტალური დარტყმა მიაყენა მეცნიერებას, ჩვენ კი ვცდილობთ ავაღორძინოთ იგი, - განუცხადა ჟურნალისტებს ტექნოლოგიური ინსტიტუტის გახსნაზე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა

"მოგეხსენებათ, საქართველოში დღევანდელი მეცნიერება ძალიან დაბალ დონეზეა, მაგრამ ბოლო ეტაპზე დამოუკიდებლობის შემდგომ, იმ რთულ პირობებში, როგორც საქართველო ვითარდებოდა, მეცნიერებამ ყველაზე მეტი დარტყმა განიცადა და ახლა ვცდილობთ, რომ დავიბრუნოთ ტრადიციები, რომ მეცნიერება ავაღორძინოთ. ამ ცენტრს ექნება ძალიან დიდი მნიშვნელობა, რამეთუ ფიზიკოსებს, მათემათიკოსებს, ჯანდაცვის სპეციალისტებს ასევე სხვა სპეციალისტებსაც ექნებათთ შესაძლებლობა უნიკალური საექსპერიმენტო ბაზაზე საფუძველი იმისა, რომ მეცნიერება კვლავ აღორძინდეს."- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, დღევანდელ ბიუჯეტს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ დამოუკიდებლად განახორციელოს ასეთი მასშტაბური პროექტები და ამიტომ კერძო ბიზნესი ჩაერთვება ამ პროცესში. 

"ჯობდა ნაციონალურ მოძრაობას არ გაენადგურებინა მეცნიერება და ყურადღება მიექციათ თავის დროზე. საუბედუროდ დღევანდელ ბიუჯეტსაც არ აქვს ამის შესაძლებლობა ამიტომ, კერძო დაფინანსებით მოხდება ამის ჩამოყალიბება, ვინაიდან ძალიან მძიმე იქნება ეს დღევანდელი ბიუჯეტისთვისაც. "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაანადგურა და ფუნდამენტალური დარტყმა მიაყენა მეცნიერებას და დღეს მას მერე რაც ჩვენ მოვედით, ყურადღებას ვუთმობთ ამ მიმართულებას და ეს გაგრძელდება ახალი გუნდით და ახალი ძალებით. პოლიტიკოსები და მეცნიერები ყველაფერს გააკეთებენ, იმისთვის რომ დავიბრუნოთ ის ღირსება რაც გვქონდა ამ სფეროში."- აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

ტექნოლოგიური ინსტიტუტი თბილისში, დიღმის სასწავლო-საცდელი მეურნეობაში - "დიღმის ჭალები" აშენდება.

საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის დამფუძნებელია საქართველოს მთავრობა.  პროექტს მთლიანად აფინანსებს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი “ქართუ”.

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე