პროექტი „გერმანული ენის თვე“ გრძელდება

საქართველო, თბილისი - 11:32 | 21.05.2016
ნანახია: 1374

დღეს, 21 მაისს  14:00 საათზე  გოეთეს ინსტიტუტში მოეწყობა საინფორმაციო ფორმატის შეხვედრა  „სწავლა გერმანიისა და ავსტრიის უმაღლეს სასწავლებლებში“, რომელიც პროექტ  „გერმანული ენის თვის“  ფარგლებში ხორციელდება გერმანიის, ავსტრიისა და შვეიცარიის საელჩოების,  DAAD-სა (გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური) და გოეთეს ინსტიტუტის ორგანიზებით.

ეს საინფორმაციო შეხვედრა განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებისა და მათი მშობლებისთვის იმ მიზნით, რომ მათ ზუსტი, სწორი და სრულყოფილი ინფორმაცია მიიღონ  გერმანიასა და ავსტრიაში სწავლის წინაპირობებზე. ამ მნიშვნელოვან  შეხვედრას წაიყვანს  DAAD-ს (გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური) ხელმძღვანელი მარტინ პრაქსენტალერი,  აქვე ისაუბრებენ საქართველოს სკოლებსა და გოეთესინსტიტუტში გერმანული ენის შესწავლის აუცილებლობაზე.   

გერმანიაში ინგლისურენოვანი პროგრამების სიმრავლის მიუხედავად, გერმანულენოვან ქვეყნებში საბაკალავრო საფეხურზე გერმანული ენის გარეშე სწავლა წარმოუდგენელია. ეს ეხება, როგორც ზოგად მიმართულებებს, ასევე კონკრეტულ სპეციალობებს, როგორიცაა - მედიცინა და სამართალი. გერმანული ენის ცოდნა სტუდენტს გზას უხსნის სწავლებისა და კვლევის ხარისხით მსოფლიოში გამორჩეული უნივერსიტეტებისაკენრომლებშიც სწავლის საფასური ან საერთოდ არ არის, ან სხვა საერთაშორისო პროგრამებთან შედარებით საკმაოდ დაბალია. აქედან გამომდინარე, ინგლისურენოვანი სტუდენტებისთვისაც კი გერმანული ენა გერმანულენოვან რეალობაში კომუნიკაციის აუცილებელ წინაპირობად რჩება.

გერმანული დაახლოებით 100 მილიონი ადამიანისათვის მშობლიურ ენას წარმოადგენს, ამგვარად ამ ენაზე ევროპაში ყველაზე მეტი ადამიანი ლაპარაკობს, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით გერმანული 140 მილიონზე მეტმა ადამიანმა იცის. გერმანული ენის შესწავლით ადამიანი ეცნობა ძალიან მდიდარ და ისტორიულად მნიშვნელოვან კულტურულ რეგიონს. ამის გარდა, თუ ადამიანს თანამედროვე ევროპასთან და ევროკავშირთან დაახლოება სურს, აქაც გერმანული ენა მრავალი მიმართულებით იქნება მნიშვნელოვანი საყრდენი. ამავე დროს გერმანული ენის შესწავლა ადამიანს ეკონომიკურ და საგანმანათლებლო შესაძლებლობებსაც აძლევს (მატერიალური უპირატესობა) - ქვეყნები, სადაც გერმანული ენა ძირითადი სალაპარაკო ენაა, განეკუთვნებიან მსოფლიოს ყველაზე მდიდარ და ეკონომიკურად წარმატებულ ქვეყანათა რიცხვს და აქვთ მრავალმხრივი ბიზნეს-ურთიერთობები მთელი მსოფლიოს მასშტაბით.  მნიშვნელობა არ აქვს, სად გინდათ მუშაობის დაწყება -  გერმანულ, ავსტრიულ ან შვეიცარიულ ფირმაში თუ გერმანულენოვან ქვეყნებთან კავშირების მქონე ადგილობრივ ფირმაში - გერმანულის ცოდნა ყოველთვის დაგეხმარებათ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე