მთავრობა 2016 წელს ხარჯებს 57 მილიონით ზრდის

საქართველო, თბილისი - 14:43 | 07.10.2015
ნანახია: 1727

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრუელებელმა მდივანმა პარტიის სახელით, 2016 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. რატიანის თქმით, ხელისუფლება მომავალი წლის ხარჯებს 57 მილიონით ზრდის.

 „2016 წელს მთავრობა ბიორკრატიულ-ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების ნაცვლად   (პრემიები, დანამატები) ხარჯებს 57 მილიონი ლარით ზრდის. ცენტრალური მთავრობის სახელმწიფო აპარატის შრომის ანაზღაურება 2012 წელთან შედარებით 389.2 მილიონი ლარით გაიზარდა.

და ეს იმ ფონზე, როდესაც ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკის პირობებში, ქვეყნის ეკონომიკამ სამი წლის განმავლობაში უკვე 7 მილიარდზე მეტი დაკარგა. მთავრობა ზრუნავს არა ქვეყნის ეკონომიკაზე და ხალხზე, არამედ საკუთარ თავზე.

ამავე დროს, 2016 წლის ბიუჯეტით პენსიის გაზრდა საერთოდ არ არის გათვალისწინებული. ეს იმ ვითარებაში, როცა ლარის მსყიდველობითუნარიანობა დაეცა. 2015 წლის სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 5.2% შეადგინა. ხოლო, ჯანმრთელობის დაცვა თითქმის 10%-ით გაძვირდა. რაც პენსიონერებისთვის ყველაზე მტკივნეული საკითხია.

ლარის კურსი კატასტროფულად გაუფასურებამ უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო საზოგადოების დიდი ნაწილი. ფასები იზრდება, იზრდება სიღარიბე და უმუშევრობა. ამ ვითარებაში, ყველა კვალიფიციური ექსპერტი და ჩვენ, ოპოზიცია, მოვუწოდებდით ხელისუფლებას, რომ ამ პროცესის შესაჩერებლად აუცილებელი იყო ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული ხარჯების (მათ შორის პრემიების და დანამატების) შემცირება.

გაღარიბების პროცესი გრძელდება. ხელისუფლების პასუხი შექმნილ ვითარებაში კი არის მორიგი სიცრუე - გაეროში გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა უტიფრად განაცხადა, რომ 2014-დან დღემდე 60 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნა ბიზნეს სექტორშიო. მაშინ როცა საქსტატისვე მონაცემებით, ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა 20 ათასით.

 ამგვარად დაგეგმილი ბიუჯეტის პირობებში შეუძლებელია ლარის სტაბილიზაციის უზრუნველყოფა. 2015 წელს არასწორად დაგეგმილმა ბიუჯეტმა გამოიწვია ლარის კურსის დესტაბილიზაცია, დიდი ხნის მანძილზე არ მომხდარა კორექტირება. მიგვაჩნია, რომ სამწუხაროდ, 2016 წელს დიდია ალბათობა 3%-იან ეკონომიკურ ზრდასაც ვერ მივაღწიოთ. მაგალითად აგვისტოს თვეში, როდესაც ტურისტული სეზონის პიკი უნდა ყოფილიყო, ეკონომიკურმა ზრდამ მხოლოდ 2.5% შეადგინა.

ქვეყნის ეკონომიკის კრიზისიდან გამოყვანის ერთადერთი გამოსავალი არის ერთი მხრივ, ბიუროკრატიული ხარჯების, თანამდებობის პირების ხელფასების, პრემიების, დანამატების და სხვა ბიუროკრატიული, თუ არამიზნობრივი ხარჯების და მეორე მხრივ, გადასახადების შემცირება. ქვეყნის ბიუჯეტის მთავარი პრინციპი უნდა იყოს - რაც შეიძლება მეტი ფული დარჩეს ხალხს, ეკონომიკას და არა ბიუროკრატიას.

 „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ წარმოდგენილმა 2016 ბიუჯეტმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ მთავრობას არ აქვს ეკონომიკური კრიზისის დაძლევის გეგმა. ბიუჯეტი არ არის ორიენტირებული ქვეყნის განვითარებაზე. სწორედ ამიტო, კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, რომ შექმნილ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალი არის მთავრობის გადადგომა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები“,- განაცხადა სერგო რატიანმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე