აშშ-ს საელჩოს ინიციატივით ეკოფილმების ფესტივალი ჩატარდება

საქართველო, თბილისი - 10:23 | 16.05.2016
ნანახია: 1245

არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვა/EcoVision“, ა.შ.შ-ს საელჩოს საქართველოში დაფინანსებით, ატარებს ეკოფილმების ფესტივალს. ფესტივალის ფარგლებში იმართება მოკლემეტრაჟიანი გარემოსდაცვითი ფილმების კონკურსი.

კონკურსში მიიღება მოკლემეტრაჟიანი ფილმები საქართველოში ეკოტურიზმისა და ნარჩენების გადამუშავების შესაძლებლობების შესახებ. საკონკურსო ფილმში ნაჩვენები უნდა იყოს შემდეგი საკითხებიდან ერთ-ერთი ან რამდენიმე:

მდგრადი ტურიზმის მნიშვნელობა

დაბინძურებული გარემოს გავლენა ადამიანის ჯანმრთელობასა და ეკონომიკაზე

ნარჩენების გადამუშავების ხელშეწყობა

სამოქალაქო პასუხისმგებლობის პოპულარიზაცია, რომ შევინარჩუნოთ სუფთა და ლამაზი საქართველო

საკონკურსო ფილმის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 1 წუთს და გადაღებული უნდა იყოს 2016 წელს. ფილმის გადასაღებად შესაძლებელია მობილური ტელეფონის კამერის გამოყენებაც.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია 14 წლიდან ზევით ნებისმიერი პროფესიის ადამიანს.

კონკურსის ბოლოს მოეწყობა ფილმების ჩვენება, სადაც წარმოდგენილი იქნება 10 საუკეთესო საკონკურსო ფილმი, ხოლო გამარჯვებული ფილმის ავტორი დაჯილდოვდება ვიდეოკამერით Canon VIXIA HF R700. კონკურსის ფარგლებში, ასევე გამოვლინდება 2 გამარჯვებული სკოლის მოსწავლე, რომლებიც დაჯილდოვდებიან ეკობანაკი „ეკოხედვას“ 1-კვირიანი საგზურით.

ფილმების მოწოდების ბოლო ვადაა 2016 წლის 10 ივნისი.

ტერმინი „ეკოტურიზმი" 1983 წელს დამკვიდრდა, რომელიც მექსიკელმა ეკოლოგმა ჰექტორ ცებალოს-ლასკურეინმა შემოიღო. ეკოტურიზმს იგი უწოდებდა მოგზაურობას „შედარებით ხელუხლებელ ან დაუბინძურებელ ბუნებრივ ტერიტორიებზე გარკვეული მიზნით, კერძოდ, განათლებისთვის, ბუნების პეიზაჟებით, მცენარეებითა და ველური ცხოველებით ტკბობისთვის, ასევე - ამ ტერიტორიების კულტურული თავისებურებების შესწავლისთვის".

დღეს ეკოტურიზმი ტურიზმის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა მსოფლიოში. ის შეიძლება რამდენიმე მიმართულებით დავყოთ:

სამეცნიერო ტურიზმის მოყვარულები, აწყობენ სამეცნიერო ტურებს სხვადასხვა დაცულ ტერიტორიებზე, მონაწილეობენ ექსპედიციებში და აწარმოებენ საველე კვლევებს.

სათავგადასავლო ტურიზმი - ეს არის შედარებით აქტიური მოგზაურობა ბუნებაში, რომელიც  ფიზიკურ დატვირთვასაც მოითხოვს. სათავგადასავლო ტურიზმში ერთიანდება ხანმოკლე ტურები ველოსიპედებით  ან ქვეითად.

შედარებით ექსტრემალური ტურები - კლდეზე ცოცვა, დაივინგი,  სპელეოტურიზმი, სათხილამურო და საცხენოსნო ტურიზმი.

ჩვენ ქვეყანას ეკოტურიზმის განვითარებისთვის საუკეთესო შესაძლებლობები აქვს. აქ სულ პატარა ტერიტორიაზე თითქმის ყველანაირი ლანდშაფტი და ეკოსისტემა გვხვდება, ეს კი იშვიათობაა. ამას ემატება დიდი კულტურული მემკვიდრეობა და ადგილობრივი მოსახლეობის საინტერესო ტრადიციები, რაც საქართველოს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის ტურისტებისთვის.

ეკოტურიზმი ტურიზმის განსაკუთრებული სახეობაა, ის გვაძლევს საშუალებას შევიმეცნოთ გარემო რომელშიც ვცხოვრობთ, აღმოვაჩინოთ მანამდე უცნობი და უნიკალური ადგილები, გავიცნოთ ახალი ხალხი და  ტრადიციები. რაც მთავარია არ ჩავერიოთ უხეშად ბუნებაში და დავტოვოთ მხოლოდ მსუბუქი ნაკვალევი.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე