თბილისი ავტორალის მასშტაბურ ღონისძიებას მასპინძლობს

საქართველო, თბილისი - 14:19 | 11.05.2016
ნანახია: 1336

საქართველო მასშტაბური ავტორალის მონაწილე ქვეყანა გახდა. ღონისძიების საქართველოში ჩატარების შესახებ შეთანხმება მიღწეულ იქნა საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატასა და რალის ისრაელის წარმომადგენლობას შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგად.

გერმანიიდან წამოსულმა 260-მა სპორტულმა ავტომობილმა უკვე გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი. „Allgäu-Orient-Rallye“-ში გერმანიიდან, თურქეთიდან, შვეიცარიიდან, ლატვიიდან და ისრაელიდან 550 მოყვარული რალისტი მონაწილეობს.

ღონისძიება საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ტარდება. ავტომოყვარულებმა სარფის საზღვარი გადმოკვეთეს და ბათუმიდან თბილისისაკენ მოემართებიან. რალის მონაწილეები გაეცნობიან საქართველოს ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს და დღეს საღამოს 18:30 საათზე, ვაკის პარკში დაესწრებიან ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილ კონცერტს, რომელიც სტუმრებს გააცნობს ქართულ ფოლკლორს. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „ფოცხიშვილები“ და ახალგაზრდა შემსრულებელი ქრისტინე ჯაფარიძე.

ხვალ რალის მონაწილეები საქართველოს სამცხე-ჯავახეთის გავლით, ვალეს სასაზღვრო პუნქტიდან დატოვებენ. ავტორალი „Allgäu-Orient-Rallye“ მეთერთმეტედ იმართება. წლების განმავლობაში რალი სტარტს იღებდა გერმანიაში და იორდანიაში მთავრდებოდა, თუმცა სირიაში შექმნილი კონფლიქტური ვითარების გამო ღონისძიების დახურვის ცერემონიალი თურქეთში ტარდება.

როგორც საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი, ბ-ნ იციკ მოშე აცხადებს: „სასიხარულოა, რომ საქართველო მასპინძლობს ასეთი დონის საერთაშორისო პროექტს, რომელიც წარმოადგენს სახალხო დიპლომატიის გზით ქვეყნებისა და კულტურების დაახლოების მცდელობას. ამ პროექტის მიზანი აგრეთვე საქართველოს პოპულარიზაციაა. გვჯერა, რომ მომდევნო წლებშიც ვუმასპინძლებთ რალის, მანამდე კი წლევანდელი მონაწილეები, რომლებიც უკვე გაეცნენ ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს, დაბრუნდებან აქ როგორც ტურისტები. ასე რომ, საქართველოს მათი სახით ეყოლება 550 ახალი ელჩი გერმანიაში, ლატვიაში, შვეიცარიაში, თურქეთსა და ისრაელში“.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე