მანანა კობახიძემ და პარლამენტის წევრებმა უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკეს

საქართველო, თბილისი - 13:29 | 09.05.2016
ნანახია: 1257

დღეს, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მანანა კობახიძემ და პარლამენტის წევრებმა, საქართველოს პარლამენტის სახელით, ფაშიზმზე გამარჯვების 71 წლისთავთან დაკავშირებით, ვაკის პარკში მდებარე უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკეს.
ცერემონიის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

„დღეს არის ფაშიზმზე გამარჯვების 71 წლისთავი და ჩვენ გვინდა მივულოცოთ ყველა ვეტერანს, მათ ოჯახებს და მთელ საქართველოს. საქართველომ ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღო. 300 ათასზე მეტი ჩვენი თანამემამულე დაიღუპა ყველაზე სასტიკ ომში და რა თქმა უნდა, მათი ღვაწლი, მათი თავდადება უნდა იყოს შესაბამისად დაფასებული. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისინი იბრძოდნენ სწორედ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის, საქართველოსთვის და ფასდაუდებელია მათი თავდადება ჩვენი ქვეყნის წინაშე", - აღნიშნა მანანა კობახიძემ.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ფაშიზმი აღარასოდეს უნდა განმეორდეს.

„დღეს, ჩვენ ყველა ერთად ვზეიმობთ ფაშიზმზე გამარჯვებას. ეს არის უდიდესი დანაშაული კაცობრიობის წინაშე და ერთი მხრივ, ჩვენ ვიგონენთ იმ ხალხს, ჩვენ თანამოქალაქეებს, რომლებიც იბრძოდნენ ფაშიზმის წინააღმდეგ და პატივს მივაგებთ მათ, მეორე მხრივ, კიდევ ერთხელ ვიაზრებთ თუ რა დიდ დანაშაულს ჰქონდა ადგილი. თავისთავად, ყველას გვსურს, რომ ასეთი რამ დედამიწაზე არასდროს განმეორდეს და სწორედ ჩვენი შეკრება ამას გულისხმობს", - აღნიშნა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა.

 



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე