MYVIDEO საერთაშორისო ინვესტორების წინაშე WEB SUMMIT 2015-ზე წარდგება

საქართველო, თბილისი - 18:04 | 06.10.2015
ნანახია: 2114

MYVIDEO.GE, რომელიც სს ITDC-ს პროექტია, 2-6 ნოემბრის ჩათვლით დუბლინში დაგეგმილ WEB SUMMIT ALPHA 2015-ზე მიიწვიეს. ბრენდი საქართველოს ბაზარზე 2006 წელს გამოჩნდა, და დღევანდელი მონაცემებით ყოველთვიურად 2 მილიონამდე მომხმარებელი ჰყავს, რომელთაგანაც 1.3 მილიონი რეგისტრირებული მომხმარებელია. 2013 წელს MYVIDEO აზერბაიჯანის ბაზარზეც გამოჩნდა, სადაც არანაკლები პოპულარობით სარგებლობს.

 WEB SUMMIT უკვე მეხუთე წელია დუბლინში იმართება. პლანეტის საუკეთესო ტექნოლოგიურ კონფერენციად აღიარებულ სამიტს 22 000-ზე მეტი დამსწრე ეყოლება მსოფლიოს 110 ქვეყნიდან, მათ შორის არიან Fortune 500-ში შემავალი კომპანიები, ინვესტორები, წამყვანი მედიისა და ისეთი კომპანიის წარმომადგენლები, როგორებიცაა Google, Facebook, Microsoft, Amazon, Twitter, Adobe, Financial Times, the Huffington Post, Business Insider, Washington Post, CNN, Fox, CNBC, BBC, Bloomberg, The New York Times, Wall Street Journal, the Guardian, Le Monde, Fortune, Forbes და ა.შ.

 

WEB SUMMIT ALPHA 2015 საუკეთესო პლატფორმაა პოტენციური პარტნიორების, ინვესტორებისა და ტექნოლოგიების სფეროში წარმატებული კომპანიების გასაცნობად. სამიტის ფარგლებში დაგეგმილია 21 სხვადასხვა სემინარი და მოწვეულია 1000-ზე მეტი სპიკერი მსოფლიოს წამყვანი კომპანიებიდან.

 MYVIDEO WEB SUMMIT ALPHA 2015-ზე წარმოდგენილი იქნება როგორც ინოვაციური „სტარტაპ“ სერვისი, რომელიც შესაძლოა სხვა გეოგრაფიულ ბაზრებზეც დაინერგოს და იმავე წარმატებით განვითარდეს, როგორც საქართველოსა და აზერბაიჯანში. აღსანიშნავია, რომ MYVIDEO ერთადერთი სერვისია, რომელიც საქართველოს სახელით სამიტზე მიიწვიეს. ღონისძიების მთავარი მიზანი პოტენციურ პარტნიორებთან შეხვედრა და ინვესტიციების მოძიებაა. WEB SUMMIT ALPHA 2015-ს დაესწრება 500-ზე მეტი უდიდესი საინვესტიციო ფონდის წარმომადგენელი, რომლებსაც MYVIDEO საქართველოს სახელით საკუთრ სერვისს გააცნობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე