ზაზა ფაჩულია საქართველოში NBA-ს სტანდარტების აკადემიას გახსნის

საქართველო, თბილისი - 15:19 | 06.10.2015
ნანახია: 2722

საქართველოში NBA-ს სტანდარტების აკადემია გაიხსნება. საქართვეკლოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შპს „ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიას“ 50 წლიანი ვადით, თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირის №105ა-ში მდებარე, 2600 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობი (საერთო ფართობი 7956 კვ.მ), უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაეცა.

პირობების მიხედვით, „ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემია” ვალდებულია, სარგებლობის მთელი პერიოდის განმავლობაში გადაცემული ქონების სპორტის სახეობის - კალათბურთის პროფილით გამოიყენოს და მისი შემდგომი განვითარება უზრუნველყოს. ინვესტორი ვალდებულება ხდება ასევე, რომ, საჭიროების შემთხვევაში, გადაცემულ ქონებაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წინასწარ, არანაკლებ 1 თვით ადრე შეტყობინების შემთხვევაში, მისთვის ყოველწლიურად არაუმეტეს ორდღიანი, 15 ღონისძიების უსასყიდლოდ ჩატარება უზრუნველყოს.

მთავრობასა და „ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიას” შორის გასაფორმებელ ხელშეკრულებაში ჩაიწერება ასევე ისიც, რომ ფართი მთლიანად გამოყენებული იქნება სპორტული დანიშნულებით და საჭიროების შემთხვევაში თავად „ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემია” უზრუნველყოფს მის სარემონტო სამუშაოებს.

 სპორტულ კომპლექსში ა(ა)იპ საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასთან შეთანხმებით, ქალთა და ვაჟთა საქართველოს ეროვნული ნაკრების სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის სპორტსმენებისათვის, უფასო სავარჯიშო დროის გამოყოფა მოხდება, ხოლო მომსახურების მსურველთათვის ხელმისაწვდომი ფასები დაწესდება.

ახალგაზრდა სპორტსმენთა მოსამზადებლად გადასახადის განსაზღვრისას აკადემიას სწავლების ხარისხის შესაბამისად, სპორტის სახეობის - კალათბურთის ხელმისაწვდომობისა და მასობრიობის კომპონენტის გათვალისწინება, დაევალა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე