მიხეილ სააკაშვილი: მოხარული ვარ, რომ ოდესაში შეიარაღებული ძალების გამოყენება საჭირო არ გახდა

საქართველო, თბილისი - 10:47 | 03.05.2016
ნანახია: 1660

ოდესის ოლქის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მტრის გეგმების მიუხედავად, 2 მაისის ტრაგედიისადმი მიძღვნილმა ღონისძიებებმა ოდესაში მშვიდობიანად ჩაიარა. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა დღის ბოლოს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, იყო რამდენიმე მცდელობა, მათ შორის კიევიდან ოლიგარქების მიერ, თავიანთი ქმედებებით ქალაქში ვითარების არევის, თუმცა ეს მცდელობები აღკვეთეს.

“ყველა შიშის, ჩვენი მტერის გეგმების მიუხედავად, დღევანდელმა დღემ ოდესაში წყნარად და მშვიდობიანად ჩაიარა. მსურს, ოდესელებს მადლობა გადავუხადო და ვუთხრა, რომ ისინი საუკეთესოები არიან. თქვენ აჩვენებთ მთელ მსოფლიოს ის, რითაც ყოველთვის ცნობილი იყო ჩვენი ქალაქი - სტუმართმოყვარეობით, გულღიაობით, მეგობრობითა და სიმამაცით. ოდესას სურს განვითარება, სიმშვიდე, ის ელოდება ინვესტორებს, დამსვენებლებსა და უბრალოდ სტუმრებს. რწმენითა და ოპტიმიზმით ვუყურებთ მომავალს. დღეს თავად ოდესელებმა ჩაშალეს ჩამოსული გასტროლიორების, დედაქალაქის ოლიგარქების, იმ ადამიანების გეგმები, რომლებსაც ჯიბეში რუსული პასპორტი აქვთ, რომლებიც უკრაინელი ხალხისგან მოპარული ფულით ნაყიდი კერძო თვითმფრინავებით ჩამოვიდნენ. მათი გეგმა ჩაიშალა. ისინი თავად ოდესელებმა ქალაქში არ შეუშვეს”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამავე დროს, მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ოდესაში 2 მაისს უბედური შემთხვევა მოხდა. მისი თქმით, 79 წლის მამაკაცი შეუძლოდ გახდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ოდესის ოლქის გუბერნატორმა ასევე მადლობა გადაუხადა სამართალდამცველებსა და ნაციონალური გვარდიის მებრძოლებს უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის. სააკაშვილის თქმით, ის მოხარულია, რომ შეიარაღებული ძალების გამოყენება საჭირო არ გახდა.

ოდესის გუბერნატორის თქმით, ნაციონალური გვარდიის ქვედანაყოფების ნაწილი ოდესაში მაისის დღესასწაულებზეც დარჩება.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე