პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ მართლმადიდებლებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული დმანისის სიონის ტაძრიდან მიულოცეს

საქართველო, თბილისი - 01:02 | 01.05.2016
ნანახია: 1562

საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი სააღდგომო ლიტურგიას დმანისის სიონის ტაძარში დაესწრნენ.

ქვეყნის პირველმა პირმა მრევლს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და ამ დღის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრა:

"ქრისტე აღდგა!

გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს!

ძე ღვთისა ჩვენივე ცოდვებისათვის ჩავიდა ჯოჯოხეთში და შეძლო სიკვდილით სიკვდილის დამარცხება და ჩვენივე ნუგეშად აღდგა იმისთვის, რომ ჩვენ ყოველ წელს, ყოველდღიურად და ყოველ წამს მოგვცეს უნარი, შესაძლებლობა და რწმენა იმის, რომ რაოდენ დაცემულნიც არ უნდა ვიყოთ, ჩვენ განახლების, აღდგომის შესაძლებლობა გვაქვს. 

მაცხოვრის ამქვეყნად მოსვლამდე ჩვენ, კაცთა მოდგმა, ვიყავით დაცემული, ვიყავით ადამის, ცოდვის შთამომავლები. პირველად ადამი დაეცა, მაგრამ იესო ქრისტემ კაცობრიობა ჯოჯოხეთიდან ამოიყვანა.

ამ ამოყვანის შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ ყოველთვის თითოეულ ჩვენგანს შეუძლია აღდეს მაშინ, როდესაც საკუთარ ცოდვაზე, დანაშაულზე, შეცდომასა და სისუსტეზე უარს იტყვის; მაშინ, როდესაც შეუნდობს ახლობელს, მოყვასს და საკუთარ თავს ამ სისუსტეს. სწორედ აღდგომის ამ შესაძლებლობას და დიდ დღესასწაულს ვზეიმობთ თქვენთან ერთად.

ვიცი, რომ ჩვენი ქვეყანაც, ასე საკუთარი სისუსტიდან, შეცდომებიდან და ხშირად უძლურებიდან აღდგება, რადგან ჩვენ ვართ მზად საკუთარ შეცდომებსაც გავუსწოროთ თვალი და სხვათაც შევუნდოთ. დღევანდელ ზეიმში მომავლის დიდი შინაარსია, ამიტომ თქვენთან, მთელ საქართველოსთან და ყველა ქართველთან ერთად, რომლებიც დღეს საქართველოში არ არიან და სხვა ქვეყნებში ზეიმობენ, მთელ მართლმადიდებელ სამყაროსთან ერთად, დიდი სიხარულით აღვნიშნავ ამ დღეს.

ქრისტე აღდგა!"

სააღდგომო ლიტურგიას მეუფე ზენონი უძღვებოდა, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტს სამახსოვროდ წმინდა გიორგის ხატი გადასცა.

დმანისის სიონი მე-6 საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების  ძეგლია, რომელიც სოფელ პატარა დმანისის მახლობლად, დმანისის ნაქალაქარზე მდებარეობს.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე