სააკაშვილის მოთხოვნით, ოდესაში უკრაინის ნაციონალური გვარდიის 300 მებრძოლი ჩავიდა

საქართველო, თბილისი - 13:19 | 28.04.2016
ნანახია: 1767

მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნით ოდესაში უკრაინის ნაციონალური გვარდიის 300 მებრძოლი უკვე ჩავიდა. ოდესის გუბერნატორი ,,ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს, ასევე, რომ ,,უახლოეს დღეებში ელოდებიან დანარჩენებს”.

სააკაშვილი ამასთანავე, აქვეყნებს ინტერნეტ-გამოცემა “უკრაინსკაია პრავდას” სტატიას, სადაც საუბარია ოდესაში ჩასული მებრძოლების შესახებ. გამოცემის ინფორმაციით, საუბარია “აზოვის” ბატალიონის მებრძოლებზე.

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტს ოდესაში საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველსაყოფად ნაციონალური გვარდიის ქვედანაყოფების შეყვანა 26 აპრილს სთხოვა. მიზეზად მან მერიის შენობასთან დემონსტრანტების კარვების ქალაქზე მომხდარი თავდასხმა დაასახელა. ამასთან ოდესის გუბერნატორი არ გამორიცხავს, რომ 2 მაისს ოდესაში მომხდარი ტრაგედიის მეორე წლისთავთან დაკავშირებით ქალაქში ვითარება გამწვავდეს.

27 აპრილს ოდესის სასამართლომ, ქალაქის ხელისუფლების პროტესტის მიუხედავად, მაისის დღესასწაულებზე   დემონსტრაციების გამართვის ნებართვა გასცა. ოდესის საქალაქო საბჭო მაისის დასაწყისში  დემონსტრაციებისა და სხვა მშვიდობიანი აქციების გამართვის აკრძალვას ითხოვდა, მათ შორის 2014 წლის 2 მაისის ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებების.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე