დღეს ჭიაკოკონობაა - უძველესი რიტუალი, რომელიც ქრისტიანობამ შემოინახა

საქართველო, თბილისი - 15:03 | 27.04.2016
ნანახია: 2352

შეშა, ფიჩხი, ხმელი ფოთლები, უფრო ხშირად - მანქანის გაცვეთილი საბურავები... ქალაქებსა თუ სოფლებში უშველებელ კოცონებს აგიზგიზებენ. ისმის ყიჟინა, სიცილ-ხარხარი, ვისაც გული ერჩის, ცეცხლზე გადატხომა-გადმოხტომაში ერთმანეთს ეჯიბრება.
 
ასეთია ჩვენში ერთობ გავრცელებული ხალხური დღესასწაული - ჭიაკოკონობა.
 
როგორია სინამდვილში ამ რიტუალის არსი, საით მივყავართ მის ფესვებს?
 
მართლმადიდებელი ეკლესიის მიხედვით, ამ დღესასწაულს ქრისტიანობასთან საერთო არაფერი აქვს. საქართველოს ზოგიერთ კუთხეში გავრცელებული რწმენა, თითქოს ჭიაკოკონობის ღამეს ის ადგილები, სადაც კოცონია დანთებული, კუდიანებისგან იწმინდება, მხოლოდ სახეცვლილი, ქრისტიანული ელემენტებით გამდიდრებული გვიანდელი ვარიანტია. ამ ტრადიციის ფესვები უფრო შორს მიდის და წარმართულ პერიოდს სწვდება.
 
ცეცხლთაყვანისმცემლობა, იგივე მაზდეანობა, ირანსა და მისი გავლენის სფეროში შემავალ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც იყო გავრცელებული. მაზდეანებისათვის ცეცხლი ღვთაება გახლდათ, ადამიანი კი, რაღა თქმა უნდა, ჩვეულებრივი ცოდვილი. პიროვნება ღმერთისთვის მისაღები რომ გამხდარიყო, ცეცხლით უნდა განწმენდილიყო. ეს აქტი ცეცხლში გავლით - კოცონზე გადაბიჯებით, გადახტომით - აღესრულებოდა.
 
საქართველოს ზოგიერთ კუთხეში დღესაც შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც თავიანთ ახლობლებს ცეცხლში გაატარებენ ხოლმე - ბოროტი სულები ვერ მოგეკარებიანო.
 
მიუხედავად ეკლესიის ასეთი პოზიციისა, ჭიაკოკონობა მაინც ძალიან პოპულარულ რიტუალად რჩება, რომელიც განსაკუთრებით პატარებს მოსწონთ და უხარიათ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე