პირველმა ლედიმ პარიზში ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი მოინახულა

საქართველო, თბილისი - 13:15 | 23.04.2016
ნანახია: 1352

საქართველოს პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ პარიზში ვიზიტის ფარგლებში, ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი „მწვანე სახლი“ მოინახულა. მედპერსონალთან შეხვედრისას მაკა ჩიჩუამ საფრანგეთში აპრობირებული ბავშვთა რეაბილიტაციის მეთოდოლოგია, ამ მიმართულებით არსებული პროფესიული გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობისა და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისა და წამყვანი სარეაბილიტაციიო პროგრამების საქარველოში დანერგვის საკითხებზე ისაუბრა.

პირველმა ლედიმ დღესვე მედიასთან მის მიერ გამართული შეხვედრა შეაფასა და მსგავსი ცენტრების ჩვენს ქვეყანაში არსებობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება: "ადრეული განვითარების ცენტრებისგან განსხვავებით, ამ ორგანიზაციაში ბავშვებთან კომუნიკაცია ხდება ოჯახურ გარემოში. ბავშვებს, რომლებსაც აქვთ სხვადსხვა სახის ფსიქიკური აშლილობა, მათთან ფსიქოლოგები მუშაობენ განსხვავებული მეთოდებით, როგორიც არის სხვადასხვა სახის თამაშები და მათი მეშვეობით ხდება მათზე დაკვირვება და ფსიქიკური აშლილობის მიზეზების დადგენა. ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის გავცნობოდი ახალ მეთოდებს, მენახა რა ტიპის სამუშაოებს ატარებენ ფსიქოლოგები ამ ბავშვებთან და მათ მშობლებთან მუშაობისას. მსურს საქართველოშიც დაინერგოს მსგავსი პრაქტიკა. თუმცა ჩვენთან არის ადრეული განვითარების ძალიან კარგი ორგანიზაცია „პორტიჯი“ ნინო ცინცაძის ხელმძღვანელობით, რომელიც ძალიან ეფექტურად მუშაობს.  „მწვანე სახლი“, რომელშიც მე დღეს ვიმყოფებოდი არის განსხვავებული ტიპის. ბავშვებთან მუშაობა, მათთან კომუნიკაცია ხდება სხვადსხვა გასართობი თამაშებით, რომელშიც აუცილებლად ჩართულები არიან მშობლებიც.

ბავშვები, რომლებიც საჭიროებენ დახმარებას, ურთიერთობას, ადვილად უნდა იყვნენ ინტეგრირებულები იმ გარემოში, რომელშიც ჩვენ გვიწევს ცხოვრება, ამიტომ ძალიან მინდა ამ მიმართულებით რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოვიპოვო და სადაც ჩავდივარ უცხოეთში, ვცდილობ ასეთი დაწესებულებები მოვინახულო, რომ გავიგო თუ რა ხდება ამ მიმართულებით სხვა ქვეყნებში. მსურს, რომ ჩვენც ავყვეთ მათ ტემპს და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სერიოზული ნაბიჯებია ჩვენთან გადადგმული ვთვლი, რომ კიდევ უფრო მეტი სამუშაოა საჭირო ამ მიმართულებით."-განაცხადა მაკა ჩიჩუამ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე