არასამთავრობოები ,,აუდიტორია 115“-ის წევრებზე ზეწოლის შესახებ ინფორმაციაზე, რეაგირებას მოითხოვენ

საქართველო, თბილისი - 17:55 | 22.04.2016
ნანახია: 1367

სტუდენტური მოძრაობა ,,აუდიტორია 115“-ის წარმომადგენლები ოჯახის წევრებსა და ახლობლებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტებზე საჯაროდ საუბრობენ. არასამთავრობო ორგანიზაციები კი აცხადებენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია უნდა გახდეს შინაგან საქმეთა მინისტრისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის უშუალო დაინტერესების საფუძველი.

"ამასთან, საჭიროა, დაუყოვნებლივ დაიწყოს სამსახურებრივი მოკვლევა ხსნებულ ფაქტებზე, ვინაიდან შესაძლოა ადგილი ჰქონდეს კონკრეტული პირების მხრიდან საკუთარი სტატუსისა და უფლებამოსილების არამიზნობრივ გამოყენებას. საკმაოდ მსგავსი და ერთგვაროვანი ხელწერის პირობებში, ასევე დასადგენია, რამდენად ჰქონდა ადგილი აღნიშნული პროცესის ორგანიზებას ხელმძღვანელი/ზემდგომი პირების მხრიდან.
დროული და ობიექტური რეაგირება ასევე მნიშვნელოვანია სამართლიანი და უსაფრთხო წინასაარჩევნო გარემოს უზრუნველყოფისთვის. პოლიტიკურად და საზოგადოებრივად აქტიურ ჯგუფებს უნდა ჰქონდეთ დაცულობის განცდა. ამისათვის კი საჭიროა, რომ სახელმწიფო აპარატი ფუნქციონირებდეს სრული პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პირობებში, კონკრეტული პოლიტიკური პარტიებისგან დისტანცირებულად. სამართალდამცავი და უსაფრთხოების სამსახურების საქმიანობა უნდა ჩამოშორდეს პოლიტიკური პროცესების კონტროლსა და მართვას და არ უნდა იქცეს საზოგადოებრივი პროტესტის შეკავების და განეიტრალების მექანიზმად" - ნათქვამია არასამთავრობოების განცხადებაში.

NGO-ები მოუწოდებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელებს, გამოეხმაურონ გავრცელებულ ფაქტებს და მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია - რას გეგმავენ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში სამართალდამცავი და უსაფრთხოების ორგანოების ჩარევის თავიდან აცილების მიზნით. ასევე, მოუწოდებენ შესაბამისი სამსახურების გენერალურ ინსპექციებს - დაიწყონ სამსახურებრივი მოკვლევა ხსენებულ ფაქტებთან დაკავშირებით და დროულად გაასაჯაროვონ მოკვლევის შედეგები; ხოლო საქართველოს პარლამენტს - განახორციელოს ეფექტური საპარლამენტო კონტროლი აღნიშნული ორგანოების საქმიანობაზე და განიხილოს "ოდეერების" საკითხის შესწავლის მიზნით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი".

განცხადებაზე ხელმომწერები არიან: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო (OSGF); სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); ადამიანის უფლებათა ცენტრი; საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI Georgia); საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

სტუდენტების ინფორმაციით, მარტისა და აპრილის თვეში, "აუდიტორია 115"-ის გააქტიურების პარალელურად, სამართალდამცავი სისტემის წარმომადგენლები მოძრაობის არაერთ წევრზე ინფორმაციის სხვადასხვა გზით მოძიებას ცდილობდნენ. მათ შორის, აქტივისტების ოჯახის წევრებთან უშუალო კომუნიკაციის, ან ახლობლების გამოკითხვის ფორმით. სტუდენტების ინფორმაციით, აღნიშნული პირები არ მალავდნენ საკუთარ ვინაობას და ოჯახის წევრებსა თუ ახლობლებს ეცნობოდნენ როგორც სამართალდამცავი სისტემის წარმომადგენლები. ცალკეულ შემთხვევებში, მათი იდენტიფიცირება ასევე შესაძლებელი იყო ოფიციალური დოკუმენტაციისა და სამსახურებრივი ფორმის მიხედვით.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე