მერია:თბილისის საბავშვო ბაღებში 800-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა

საქართველო, თბილისი - 17:50 | 22.04.2016
ნანახია: 1550

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში საკადრო რეზერვის შესაქმნელად გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში, გასაუბრების ეტაპი ერთ თვეზე მეტია, მიმდინარეობს. მერიის ინფორმაციით, გასაუბრება უკვე გაიარა 900-მდე კონკურსანტმა, რომელმაც ტესტირების ეტაპზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი (21 ქულა) გადალახა. გასაუბრების ეტაპი, სავარაუდოდ, მაისისთვის დასრულდება.

სააგენტომ კონკურსი საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორის (მეთოდისტი), აღმზრდელისა და აღმზრდელის თანაშემწის პოზიციებზე გამოაცხადა. ტესტირება 10 იანვარს, გამოცდებისა და შეფასებისა ეროვნულმა ცენტრმა ჩაატარა. ზღვარი 1028 კონკურსანტმა გადალახა, რომლებიც ახლა გასაუბრებას გადიან.

გასაუბრების ეტაპის დასრულების შემდეგ, კონკურსანტები, რომლებიც შესაბამის პოზიციაზე საჭირო ქულას დააგროვებენ, ჩაირიცხებიან სააგენტოს საკადრო რეზერვში და სხვადასხვა ბაღში ეტაპობრივად დასაქმებიან.

რაც შეეხება საბავშვო ბაღებში სხვა, მათ შორის, ადმინისტრაციულ პოზიციებზე დასაქმებას, ამისთვის საჭიროა, დაინტერესებულმა პირმა სააგენტოს ვებ-გვერდზე www.kids.org.ge შეავსოს დასაქმების სარეგისტრაციო ფორმა და მიუთითოს სასურველი ვაკანსია. რომელიმე საბავშვო ბაღში, მითითებული ვაკანსიის გამოჩენის შემთხვევაში, მას დაუკავშირდებიან.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 800-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა. ახალი სამუშაო ადგილები ბაღების მშენებლობითა და მოქმედ ბაღებში დამატებითი ჯგუფების გახსნით შეიქმნა. ამასთან, წლის ბოლომდე, ახალი საბავშვო ბაღების გასხნისა და გაუქმებული ბაღების აღდგენის პარალელურად, დამატებით 400-მდე მოქალაქე დასაქმდება.  

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე