საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრსა და ჰააგის მუდმივმოქმედ საარბიტრაჟო სასამართლოს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება

საქართველო, თბილისი - 10:55 | 06.10.2015
ნანახია: 1713

8-10 ოქტომბერს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ დაფუძნებული საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი მეორე ყოველწლიურ საერთაშორისო არბიტრაჟის კონფერენციას გამართავს, რომელიც რეგიონული არბიტრაჟის განვითარების საკითხებს, არსებული რეალობისა და გამოწვევების განხილვას შეეხება.

პალატის ინფორმაციით, კონფერენციის ფარგლებში საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრსა და ჰააგის მუდმივმოქმედ საარბიტრაჟო სასამართლოს შორის გაფორმდება ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი.

ამასთანავე, ,,საარბიტრაჟო დღეები თბილისში 2015“-ის   ფარგლებში, დავების მოგვარების საერთაშორისო ცენტრი (ICDR)-ი გამართავს დილის სემინარს 8 ოქტომბერს. ICDR-ი არის ყველაზე დიდი და წამყვანი დავების ალტერნატიული მეთოდებით მოგვარების ცენტრი ამერიკის შეერთებული შტატებში. ხოლო 10 ოქტომბერს, საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის კომიტეტი (ICCA)-ის ახალგაზრდული ჯგუფი (Young ICCA) გამართავს სასწავლო სემინარს, სადაც ახალგაზრდა პრაქტიკოსებს მასტერკლას ჩაუტარებენ მსოფლიოში წამყვანი არბიტრები. ICCA მსოფლიოში ყველაზე დიდი და პრესტიჟული საარბიტრაჟო ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს ასობით ექსპერტს და არბიტრაჟის სფეროში მოღვაწე იურისტს. 

კონფერენციას დაესწრებიან საქართველოს მთავრობის წევრები, მოსამართლეები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წამომადგენლები. ასევე არბიტრაჟის დარგში წამყვანი სპეციალისტები და პრაქტიკოსები.

კონფერენცია იმართება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)და ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.

  




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე