ვინ დგას მედიასაშუალების უკან, - უახლოეს პერიოდში კვლევა გამოქვეყნდება

საქართველო, თბილისი - 15:02 | 21.09.2015
ნანახია: 2149

მედიასივრცეში პრორუსული მედიასაშუალებების გამოჩენის ტენდენცია შეინიშნება და ეს არის ძალიან საგანგაშო, - ამის შესახებ სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" მედიის , დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრაზე "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს კვლევას იმის თაობაზე, თუ ვინ დგას სხვადასხვა პრორუსული ხაზის მქონე მედიასაშუალებების უკან.

"ცხადია, რომ განსაკუთრებით ბეჭდურ მედიასა და ინტერნეტში გამოჩნდა საინფორმაციო სააგენტოები, რომლებსაც აქვთ პრორუსული ხაზი, ეს არის ძალიან საგანგაშო ტენდენცია. ბუნებრივია, დამოუკიდებელ და დემოკრატიულ სახელმწიფოში ძალიან რთულია ასეთი ტიპის მედიასაშუალებებთან ბრძოლა, რადგან ასეთ მედიასაშუალებებს ვერ დახურავ. შესაბამისად, სხვა საშუალებები უნდა იქნას გამოყენებული მათ წინააღმდეგ. არ არის კარგი, რომ ზოგიერთი პრორუსული მედიასაშუალება დაფინანსებას სახელმწიფოსგან იღებს და ჩვენ ამის დამადასტურებელი რამდენიმე ინფორმაცია გაგვაჩნია. თუმცა ახლა კონკრეტიკაზე ვერ ვილაპარაკებ. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებს კვლევას, თუ ვინ დგას სხვადასხვა მედიასაშუალების უკან და განსაკუთრებით იმ მედიასაშუალებების, რომლებიც ინტერნეტშია განთავსებული. ზოგადად ის, რომ ასეთი ტენდენცია არის ქვეყანაში, ეს არის ფაქტი, და რა თქმა უნდა, ეს არის არასასურველი", - განაცხადა ეკა გიგაურმა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე