ლადო პაპავა: თსუ-ს რექტორის არჩევნები ხელისუფლების ჩარევის გარეშე ვერ ჩაივლის

საქართველო, თბილისი - 14:45 | 19.04.2016
ნანახია: 1652

თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის მოქმედი რექტორი ლადო პაპავა აცხადებს, რომ თსუ-ს რექტორის არჩევნები ხელისუფლების ჩარევის გარეშე ვერ ჩაივლის, რადგან ქვეყანაში დაბალი პოლიტიკური კულტურაა.

„რექტორის არჩევნები იმიტომ არ ჩაივლის ჩარევის გარეშე, რომ დაინტერესება უნივერსიტეტის ბედით არის საკმაოდ დიდი, ხოლო პოლიტიკური კულტურა ქვეყანაში დაბალია. ეს იმიტომაა, რომ მხოლოდ 25 წელია დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ და აქედან ძლივს ვისწავლეთ და მხოლოდ ერთხელ ჩავატარეთ მშვიდობიანად საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები. ამასთან, ჩემი ოცნებაა, რომ ასევე მშვიდობიანად ჩატარდეს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები. როცა ქვეყანაში დაბალი პოლიტიკური კულტურაა, ნუ გაგვიკვირდება ნურაფერი და სწორედ ამიტომ ვაკეთებ ამ დასკვნას“, - განაცხადა ვლადიმერ პაპავამ.

რაც შეეხება მის სამომავლო გეგმებს, პაპავას თქმით, აპირებს საქმიანობა ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტზე გააგრძელოს და პოლიტიკაში დაბრუნებაზე არაა ორიენტირებული.

„არასდროს არ უნდა თქვა არასდროს, მაგრამ ამ ეტაპზე არ ვაპირებ პოლიტიკაში დაბრუნებას. იმ დღიდან, როცა რექტორი არ ვიქნები, ვაპირებ დავრჩე უნივერსიტეტში პროფესორად. ეს ჩემთვის საამაყო თანამდებობაა. გავაგრძელებ საქმიანობას, ეკონომიკის და ბინზესის ფაკულტეტზე როგორც ერთ-ერთი რიგითი პროფესორი. ბევრი საქმე მაქვს გასაკეთებელი და ახლა არ ვარ იმაზე ორიენტირებული რომ პოლიტიკაში დავბრუნდე. არასდროს არ უნდა თქვა, არასდროს, მაგრამ ეს რომ არ იქნება 2016 წელი, ეს ზუსტად ვიცი“, - განაცხადა პაპავამ. 

პაპავა თსუ-ს რექტორად აკადემიურმა საბჭომ 2013 წლის 16 აგვისტოს აირჩია. 2016 წლის 30 მარტს, სტუდენტების საპროტესტო აქციების ფორნზე, პაპავამ საბჭოს თანამდებობიდან გადადგომის განცხადებით მიმართა. მან გუშინ განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ მთელი სახელმწიფო მანქანა ამოქმედდა, რის მიზეზადაც დაასახელა უნივერსიტეტის მიმდებარედ გაზგასამართი სადგურის მშენებლობისთვის გაწეული წინააღმდეგობა. თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები 20 აპრილს გაიმართება.

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე