პრემიერა ,,შექსპირი სიყვარულზე - ქორეოგრაფიული ფანტაზია“ გაიმართება

საქართველო, თბილისი - 11:11 | 19.04.2016
ნანახია: 1836

2016 წლის აპრილს უილიამ შექსპირის გარდაცვალებიდან 400 წელი სრულდება. შექსპირის საიუბილეო წელს მსოფლიოს ინტელექტუალური და სახელოვნებო სამყარო სხვადასხვა ღონისძიებებითა თუ წარმოდგენებით აღნიშნავს.

რუსთაველის თეატრმა გიორგი ალექსიძის სახელობის თანამედროვე ქორეოგრაფიის განვითარების ფონდთან ერთად გადაწყვიტა შექსპირის საიუბილეო თარიღს განსაკუთრებულად შეხვდეს და ქართული თეატრის შექსპირული დადგმების მდიდარი ტრადიციების ფონზე, შექსპირი ახლებური ინტერპრეტაციითა და ახლებური თეატრალური ფორმით წარმოადგინოს. პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით.  პ რ ე მ ი ე რ ა 20, 21 აპრილს გაიმართება.  სპექტაკლში გამოყენებულია შექსპირის სონეტების აუდიო ჩანაწერი

კითხულობენ _ ჯონ გილგუდი და ალან რიკმანი

სპექტაკლში ჟღერს მოცარტისა და კეიჯის მუსიკა. ჯონ კეიჯის კომპოზიციებს ასრულებს ნინო ჟვანია

ლიბრეტო მარიამ ალექსიძისა და რობერტ სტურუასი

ქორეოგრაფი _ მარიამ ალექსიძე

მხატვარი       _ ანა ნინუა

მუსიკალური ასისტენტი _ ნიალა გოძიაშვილი

რეჟისორის თანაშემწე _ ციცინო გვაზავა

დადგმის ხელმძღვანელი _ რობერტ სტურუა

მონაწილეობენ:

რუსთაველის თეატრის მსახიობები:

ლელა ალიბეგაშვილი, ლელა ახალაია, ნათია კვაშალი, ნინო მაყაშვილი, რუსუდან მაყაშვილი, გაგი სვანიძე, ქეთი სვანიძე, ბექა სონღულაშვილი, ბაჩო ჩაჩიბაია, გეგა ჩხაიძე, ქეთი ხიტირი, ლაშა ჯუხარაშვილი და გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის სოლისტი _ ნათია ბუნტური.

ქორეოგრაფიული ფანტაზია “შექსპირი სიყვარულზე”, დიდი შემოქმედის პიესებსა და სონეტებს სიყვარულის თემის ირგვლივ სინთეზური სანახაობით აერთიანებს. შექსპირისეულ სიუჟეტებს მსახიობები არა სიტყვით, არამედ სხეულის ენით გაითამაშებენ და ყველასათვის ნაცნობ შექსპირისეულ პერსონაჟებს თანამედროვე ცეკვის ენით გააცოცხლებენ. ქორეოგრაფიული ფანტაზია თავისი მუსიკალური გადაწყვეტითაც განსაკუთრებული იქნება. სპექტაკლში გამოყენებულია შექსპირის სონეტების აუდიო ჩანაწერი, წაკითხული ჯონ გილგუდისა და ალან რიკმანის მიერ და ორი დიდი კომპოზიტორის ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის და ჯონ კეიჯის ნაწარმოებები. პიანისტი ნინო ჟვანია დადგმაში თავად მიიღებს მონაწილეობას და ამერიკული ავანგარდული და ელექტრონული მუსიკის დიდი წარმომადგენელის ჯონ კეიჯის საფორტეპიანო კომპოზიცებს ცოცხლად შეასრულებს. 

შექსპირის შემოქმედების ასეთი მხატვრული გადაწყვეტა სიახლე იქნება ქართულ და არამარტო ქართულ თეატრალურ სივრცეში. ჩვენი ქვეყანა კი 2016 წელს მსოფლიოში მიმდინარე ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენასთან, შექსპირის საიუბილეო წლის თავისებურად გამოეხმაურება. ეს პროექტი ასევე მნიშვნელოვნი იქნება თანამედროვე ქართული ქორეოგრაფიისა და ცეკვის თეატრის განვითარებისათვის.

წარმოდგენა დიდი რეჟისორის რობერტ სტურუას ხელმძღვანელობით, ქორეოგრაფ მარიამ ალექსიძის მიერ იდგმება. მხატვრობა ანა ნინუას ეკუთვნის. 

პროექტის პარტნიორები არიან იურიდიული კომპანია „დიმიტრი ალექსიძე და ვლადიმერ გაბრიელაშვილი“ და “არდი” დაზღვევა.

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე