საქართველოს მთავარმა პროკურორმა ავსტრიაში ვიზიტი დაასრულა

საქართველო, თბილისი - 17:20 | 18.04.2016
ნანახია: 1409

საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ და მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გოგაძემ ავსტრიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი დაასრულეს. მთავარი პროკურორი და მისი მოადგილე ავსტრიაში ავსტრიის რესპუბლიკის გენერალური  პროკურორის ვერნერ პლაიშლის მიწვევით იმყოფებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში ორი სახელმწიფოს სამართალდამცავ ორგანოებს შორის  თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, სამუშაო შეხვედრები გაიმართა ავსტრიის გენერალურ პროკურატურაში. საქართველოს მთავარმა პროკურორმა ავსტრიელ კოლეგას საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო და  პროკურატურის განვითარების ექვსწლიანი სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავებაზე ესაუბრა.ასევე საუბარი შეეხო  უწყების პრიორიტეტებსა და  პროკურატურის განვითარების სამომავლო გეგმებს. ავსტრიელმა კოლეგებმა საქართველოს პროკურატურის განვითარებაში ექსპერტულ დონეზე მხარდაჭერისა  და დახმარების მზაობა გამოთქვეს.

მთავარმა პროკურორმა მოადგილესთან ერთად სამუშაო შეხვედრა  გამართა ავსტრიის  რესპუბლიკის იუსტიციის ფედერალურ მინისტრთან  ვოლფგანგ ბრანდშთეთერთან.  შეხვედრაზე ირაკლი შოთაძემ ქვეყნებს შორის სამართლებრივი დახმარებისა და ექსტრადიციის პროცედურებზე ისაუბრა. ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვედრები გაიმართა ქ. ვენის პროკურორის მოადგილესთან  ჰარალდ ზალცმანთან და საერთაშორისო  პროკურორთა ასოციაციის პრეზიდენტთან  გერჰარდ იაროშთან.

საქართველოს მთავარი პროკურატურა იმედოვნებს, რომ ვიზიტის შედეგები უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და კიდევ უფროეფექტურად  წარმართვის მყარი საფუძველი გახდება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე