დედაქალაქის მერია სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომლის დაკავების ფაქტს ეხმაურება

საქართველო, თბილისი - 13:31 | 18.04.2016
ნანახია: 1445

დედაქალაქის მერია სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომლის დაკავების ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ მერია უფლებამოსილებისა და შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმალურად თანამშრომლობს და ხელს უწყობს გამოძიებას.

,,როგორც ცნობილია, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელი, გიორგი გვენეტაძე.

გვინდა განვაცხადოთ, რომ თბილისის მერია, უფლებამოსილებისა და შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმალურად თანამშრომლობს და ხელს უწყობს გამოძიებას.

მოვუწოდებთ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურაში მომუშავე თითოეულ თანამშრომელს, ნუ გამოიყენებენ ბოროტად დაკავებულ თანამდებობებსა და უწყების სახელს. ასევე, ნუ შელახავენ მერიის სტრუქტურაში მომუშავე საჯარო მოსამსახურეების ღირსებასა და პატივს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ როგორც დედაქალაქის მთავრობის, ასევე, საგამოძიებო უწყებების მხრიდან შესაბამისი, მკაცრი ზომები გატარდება.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ თბილისის მთავრობა რეაგირების გარეშე არ დატოვებს დანაშაულის ნიშნების შემცველ არცერთ ფაქტს”, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ქრთამის აღების ფაქტზე, დაკავებულია თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელი, გიორგი გვენეტაძე.

გამოძიების მიერ დადგენილია, რომ ბრალდებულმა, სამგორის გამგეობის ტერიტორიაზე საკვები ობიექტის განთავსებისა და გამგეობის მხრიდან მფარველობის გაწევის სანაცვლოდ, მეწარმე სუბიექტს ქრთამის სახით ყოველთვიურად მოსთხოვა და გადასახადის სახით დაუწესა 300 ლარის გადახდა. ბრალდებულმა წინასწარ გამოართვა ყოველთვიურად გადასახდელი თანხის ნაწილი 150 ლარი. დაკავებისას გიორგი გვენეტაძე შეეცადა გაქცევას და საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის დაჯახება/დაზიანებას, რაც თავიდან იქნა აცილებული, დევნის პროცესში მან ა. წუწუნავას ქუჩაზე ვერ დაიმორჩილა საჭე და შეეჯახა რკინის ბოძს.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 დან 9 წლამდე ვადით.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე