ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ ბულვარის განვითარების კონცეფციაზე მუშაობა დაიწყო

საქართველო, თბილისი - 15:52 | 05.10.2015
ნანახია: 1953

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ ბულვარის განვითარების კონცეფციაზე მუშაობა დაიწყო. როგორც ადმინისტრაციაში განმარტავენ, დოკუმენტი ბულვარის სამომავლო განვითარების პერსპექტივებს, კონკრეტულად კი ერთიანი ტოპოგრაფიული გეგმის შექმნას გულისხმობს, რომელიც თავის მხრივ ტერიტორიის ზონებად დაყოფას, ხოლო თითოეული ზონის სტრატეგიულ დაგეგმარებას ითვალისწინებს.

კონცეფციის შემუშავებისა და დაგეგმარებისათვის სპეციალური კომისია უკვე შეიქმნა.

„კვლევებისა და გამოკითხვის საფუძველზე შეირჩა 3 კომპანია, რომელთაც მსგავსი მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჰქონდათ. წარმოდგენილი წინადადებების განხილვის შემდგომ შესაბამისმა კომისიამ არჩევანი შპს „სასტუმრო ოაზისზე“ შეაჩერა. კომპანია აჭარის რეგიონში ერთ-ერთი ლიდერია და ამ დროისთვის “Dream Land Oasis” 105 მილიონი ლარის ღირებულების მასშტაბურ პროექტს ახორციელებს ჩაქვში”,- განმარტავენ ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში.

ირკვევა, რომ კომპანიის კონცეფცია სრულად შესაბამისობაშია ფლორენციის ქარტიის პრინციპებთან ისტორიულ ბაღებთან მიმართებაში.

„ამასთანავე კომპანიის მიერ შემოთავაზებული იქნა კონტრაქტის ყველაზე დაბალი ღირებულება;
კომპანიასთან გასაფორმებელი ხელშეკრულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია ფლორენცის ქარტიის შესაბამისად ბათუმის ბულვარის კონსერვაციის, რეაბილიტაციის და რეკონსტრუქციის პროექტის მომზადება.
პროცესის ყველა ეტაპზე მოეწყობა საჯარო განხილვები და დისკუსიები, ასევე ყველა დაინტერესებულ პირს/ჯგუფს რეკომენდაციების, შენიშვნების, მოსაზრებების წარმოდგენის შესაძლებლობა ექნება.
ბათუმის ბულვარის ტოპოგრაფიული გეგმისა და ბათუმის ბულვარის კონცეფციის შემუშავება-დაგეგმარების დოკუმენტაციის მოწოდება 2016 წლის 15 მაისს დასრულდება”, აცხადებენ ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე