დღეს, ტარიელ სუარის საქველმოქმედო კონცერტი „ესპანური გიტარა“ გაიმართება

საქართველო, თბილისი - 10:13 | 15.04.2016
ნანახია: 1791

15 აპრილს, 20:00 საათზე, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი სახელწოდებით „ესპანური გიტარა”. ცნობილი ქართველი კლასიკოსი გიტარისტი მაესტრო ტარიელ სუარი უსინათლო ბავშვთა მხარდასაჭერად კლასიკური ესპანური გიტარის ხუთსაუკუნოვან ისტორიას გააცოცხლებს. გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა გადაეცემა უსინათლო და მცირედმხედველი მოსწავლეების სკოლებს. კონცერტი ტარდება თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით.

საღამოზე სხვადასხვა ეპოქაში მოღვაწე ესპანელი კომპოზიტორების ნაწამოებები შესრულდება: ალონსო მუდარა (1508-1580) ფანტაზია ლუდოვიკოს სტილში; გასპარ სანზი 1640-1710 - პავანა, კანარიოსი; დიონისიო აგუადო 1782-1849 ადაჯიო და რონდო ლა მინორი; ხოაკინ მალატსი 1872-1912 - ესპანური სერენადა; ფრანცისკო ტარეგა 1852-1909 არაბული კაპრიჩიო; ისააკ ალბენისი 1860-1909 ლეგენდა, ტანგო, სევილია; მანუელ დე ფალია 1876 - 1946  გლეხის ცეკვა ოპერიდან სამკუთხედი; ხოაკინ როდრიგო 1901-1999 სამი ესპანური პიესა ფანდანგო, პასაკალია, ცაპატეადო; რუის პიპო  1934-1997 სიმღერა და ცეკვა.

ღონისძიება გაიმართება ევროპაში აპრობირებული “გეშპრეხსკონცერტის” (კონცერტი-ლექცია) ფორმატით. კონცერტის ბოლოს კი პატარა უსინათლოებს დიდი სიურპრიზი ელით კომპანია „იამაჰა“-საგან.

პროექტის ფარგლებში პირველი   საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება 15 აპრილს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელმწიფო კონსერვატორიაში. 30 აპრილს თელავის ვაჟა ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრში, 17 მაისს ქუთაისის ოპერის თეატრში და 30 მაისს ბათუმის ხელოვნების და მუსიკის ცენტრში.

ART PROGUCING-მა პროექტის შემდგომი განვითარების მიზნით აირჩია ქ.თბილისის 202-ე საჯარო, უსინათლო და მცირედმხედველ მოსწავლეთა სკოლა-პანსიონი, ვინაიდან ტარიელ სუარის ახალი იდეის კონკრეტული პერსონაჟი ამ სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლე უსინათლო ლუკა თავთავაძეა. ამ კეთილშობილი იდეის თავგადასავალი ასე დაიწყო: 10 წლის, უსინათლო ლუკა თავთავაძემ ინატრა ახლოს გაეცნო ტარიელ სუარი. ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ მუსიკოსი ესტუმრა 202-ე უსინათლო და მცირედმხედველ ბავშვთა საჯარო სკოლა-პანსიონს, მოუსმინა ლუკა თავთავაძისა და სხვა უსინათლო ბავშვების სიმღერას, რის შემდეგაც გადაწყვიტა ახლოს გაცნობოდა და დიდი დრო დაეთმო უსინათლო და მცირედმხედველი ბავშვების მისწრაფებების, მიზნებისა და შესაძლებლობების განვითარებას. როგორც ხელოვან ადამიანს, ტარიელ სუარს კარგად ესმის ასეთი მოწყვლადი ბავშვების არა მხოლოდ ტკივილი და სევდა, არამედ ღრმადაა დარწმუნებული, რომ განუზომლად დიდია კლასიკური მუსიკის როლი მათ განათლებაში და ჰარმონიულ პიროვნებებად ჩამოყალიბებაში. ეს ურთიერთბები ხელს შეუწყობს უსინათლო ბავშვთა სრულფასოვან ინტეგრაციას საზოგადოებაში

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე