პაატა ბურჭულაძის ჯერარშექმნილ პარტიას, შიდა კვლევით, 23%-იანი რეიტინგი აქვს

საქართველო, თბილისი - 18:02 | 14.04.2016
ნანახია: 2388

სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენმა“ კიდევ ერთი შიდა კვლევის შედეგები მოიპოვა. პაატა ბურჭულაძის ფონდის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, რომელშიც მონაწილეობა 1800-მა რესპოდენტმა მიიღო, ბურჭულაძის ჯერარშექმნილ პარტიას გამოკითხულთა 23% უჭერს მხარს.

პაატა ბურჭულაძის ფონდისთვის გამოკითხვა საქართველოს მასშტაბით 15-30 მარტს  ჩატარდა და კვლევის ავტორები 1,8%-იან ცდომილებაზე მიუთითებენ.

პაატა ბურჭულაძის ფონდისთვის ჩატარებული კვლევის მიხედვით, პოლიტიკური სუბიექტების რეიტინგი შედეგნაირად არის განაწილებული:

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 24.8%

პაატა ბურჭულაძის პარტია (რომელიც ამ დროისთვის შექმნილი არ არის) - 23.1%

„ქართული ოცნება“ – 21,1%

თავისუფალი დემოკრატები - 7,1%

ლეიბორისტული პარტია - 6,4%

ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური გაერთიანება - 3,3%

პატრიოტთა ალიანსი - 3,2%

სხვა - 4%

როგორც წყარომ, რომელმაც „ჯი-ეჩ-ენს“ აღნიშნული კვლევის შედეგები მიაწოდა განუცხადა, კვლევის მიხედით ისახება შემდეგი ტენდენცია - პაატა ბურჭულაძე ხმებს პრორუსული პარტიების - ბურჯანაძისა და „პატრიოტთა ალიანსის“ ხარჯზე აგროვებს. მისივე განმარტებით, ბურჭულაძეს საკმარისი ფინასური სახსრები აქვთ და სწორედ ეს გარემოებაც განაპირობებს რესპოდენტთა არჩევანს. 

შეგახსენებთ, რომ დღესვე,  „ჯი-ეიჩ-ენმა“ გამოაქვეყნა „ქართული ოცნების“  შიდა კვლევის შედეგებიც.

„ჯი-ეიჩ-ენის“ მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ შიდა კვლევის შედეგების მიხედვით, რომელიც 1-3 აპრილს საქართველოს ათ ქალაქში ჩატარდა, პარტიების მხარდაჭერის რეიტინგი  ასე გამოიყურება:

ქართული ოცნება - 33,2%

ნაციონალური მოძრაობა - 30,7%

თავისუფალი დემოკრატები - 7.9%

რესპუბლიკური პარტია - 7,3%

კვლევაში გაურკვევლად - ერთ პოლიტიკურ სუბიექტებად არიან დაჯგუფებული „პატრიოტთა ალიანსი და მრეწველთა პარტია“, - 9,6% , ასევე გაერთიანებულია ბურჯანაძის პოლიტიკური გაერთიანებისა და ეროვნული ფორუმის რეიტინგი - 11, 11%.

აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ შიდა კვლევის მიხედვით არჩევნებში მონაწილეობას აპირებს გამოკითხულათა 73%.

გამოკითხვები ჩატარდა თბილისში, ზუგდიდში, თელავში, ქუთაისში,  ბათუმში, ახალციხეში, გორში, მარნეულში, რუსთავში და ოზურგეთში.

გამოკითხვის ათი პუნქტიდან ხუთში გაიმარჯვა ქართულმა ოცნებამ (მარნეული, რუსთავი, თბილისი, ოზურგეთი, თელავი) და ხუთში ნაციონალურმა მოძრაობამ (ზუგდიდი, ბათუმი, ქუთაისი, ახალციხე, გორი).





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე