გიორგი კვირიკაშვილი ეუთო-ს უმაღლეს კომისარს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 18:06 | 14.04.2016
ნანახია: 1466

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ეუთო-ს უმაღლეს კომისარს ეროვნული უმცირესობების საკითხებში, ასტრიდ თორსის შეხვდა.

საუბრის მთავარი თემები სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სტრატეგია და უმცირესობებთან დაკავშირებული პრიორიტეტები იყო.

უმაღლესმა კომისარმა მზადყოფნა გამოთქვა, მხარი დაუჭიროს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სტრატეგიის იმპლემენტაციას, რომელიც ეუთო-ს დახმარებით შემუშავდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობა, ეროვნული უმცირესობების მაქსიმალური ჩართულობის მიზნით, ყველაფერს აკეთებს და იმ სოციალურ პროგრამებსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც ამ მიმართულებით ხორციელდება.

ეუთოს უმაღლესმა კომისარმა დადებითად შეაფასა განათლების მიმართულებით ქვეყანაში მიღწეული პროგრესი და მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმა, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი განათლების სისტემის ფუნდამენტური რეფორმაა.

პრემიერმა ასევე ისაუბრა დამწყები ბიზნესის დაფინანსების ხელშემწყობი მექანიზმების შესახებ, რომელიც მთავრობის ინიციატივით შეიქმნა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ხელს შეუწყობს ამ პროცესში ეროვნული უმცირესობების მაქსიმალურ ჩართულობას.

შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძე დაესწრნენ. 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე