გიორგი მარგველაშვილი ასტრიდ ტორსს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 17:02 | 13.04.2016
ნანახია: 1496

საქართველოს  პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეუთო-ს უმაღლეს კომისარს ეროვნული უმცირესობების საკითხებში ასტრიდ ტორსს შეხვდა.

ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლემა კომისარმა საქართველოს პრეზიდენტს ოსური მხარის მადლობა გადასცა, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით საქართველოს ეთნოგრაფიულ მუზეუმში ოსური სახლის აღდგენის გამო.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პრეზიდენტის ინიციატივით ასევე გაიხსნა  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართულ - ოსური ურთიერთობების ცენტრი და შეიქმნა ვებგვერდი - აფხაზეთის ვირტუალური არქივი, სადაც ჩვენს აფხაზ თანამემამულეებს შეუძლიათ მოიძიონ ისეთი საარქივო ინფორმაცია - ვიდეო და აუდიომასალა, რომელიც თბილისში ინახება.

ეთნიკური უმცირესობების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის სოფიო შამანიდის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა ეუთო-ს უმაღლეს კომისარს საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გააცნო. საუბარი შეეხო იმ პრობლემებს, რომლის წინაშეც დგანან ეროვნული უმცირესობები. ეს არის ენისა და ქართულ საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის  საკითხი.

„პრეზიდენტმა ეუთო-ს უმაღლეს კომისარს გააცნო ის მიმართულებები, რომელზეც მუშაობს ხელისუფლება და შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმას, რომ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები ტარდება და სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ეთნიკური უმცირესობები იყვნენ არა მხოლოდ ამომრჩევლის როლში, არამედ იქნენ არჩეულნიც საკანონმდებლო ორგანოში“ , - განაცხადა სოფიო შამანიდმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის მრჩევლები თენგიზ ფხალაძე, სოფიო შამანიდი და კახა კოჟორიძე, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე