ლევან კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდა

საქართველო, თბილისი - 10:22 | 04.10.2015
ნანახია: 2794

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ლევან კობიაშვილი აირჩიეს. ფარული კენჭისყრით, 18-მა დელეგატმა ლევან კობიაშვილს მისცა ხმა, ხოლო 15-მა - რევაზ არველაძეს, მამუკა კვარაცხელიას კი - არც ერთმა. 

რევაზ არველაძემ ლევან კობიაშვილს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა - "მე მინდა წარმატება ვუსურვო ქართულ ფეხბურთს და ლევანს ვაჟკაცურად, კაცურად მივულოცო“. 

„ეს ჩემი კი არა, ფეხბურთის გამარჯვებაა, - განაცხადა ლევან კობიაშვილმა და მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა, - "ეს არ არის მარტო ჩემი გამარჯვება, ეს არის ჩვენი ერთიანობის, ეს არის ქართული ფეხბურთის გამარჯვება. მინდა იცოდეს ყველა ადამიანმა, საერთო საფეხბურთო ოჯახში მტერი არ არსებობს, ჩვენ ყველა ერთი ვართ. განსაკუთრებული მადლობა რეზის, მამუკას, თქვენ მადლობა. ჩვენ არ ვართ კონკურენტები, მეგობრები ვართ და დარწმუნებული ვარ, ასე დავრჩებით მომავალში".

„რაც მე ვერ მოვახერხე ფეხბურთში, ჩემი შვილი გააკეთებს, - განაცხადა რევაზ არველაძემ და დასძინა, - "ვერ ვიფიქრებდი, თუ ოდესმე ასეთი ჯოჯოხეთის გავლა მომიწევდა. ეს რომ მეფიქრა, არც ჩემს თავს და არც ოჯახს არ ვანერვიულებდი. ყველაფერი კეთდებოდა უზენაესი მიზნისთვის - დიდი ფეხბურთისთვის და რაც გამოვიდა, გამოვიდა. უთანასწორო ბრძოლაში ვიყავი. მე არ ვამბობ, რომ ეს კობიაშვილის ბრალი იყო. ეს ყველაფერი ერთად იყო ჩემს წინააღმდეგ. არა უშვავს, გავუძლებ და მე ისევ ისე ამაყად ვივლი ამ ქვეყანაში და ამ ქალაქში. ხან წააგებ, ხან მოიგებ. ცოტახანი კომენტარს აღარ გავაკეთებ და ვიფიქრებ, თუ როგორ დავისვენო ამ ჯოჯოხეთის შემდეგ".

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძოდა - რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი და მამუკა კვარაცხელია. ფედერაციის პრეზიდენტი 4 წლის ვადით ირჩევა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე