გიორგი დგებუაძის სასამართლო პროცესი 17 მაისს განახლდება

საქართველო, თბილისი - 13:57 | 06.04.2016
ნანახია: 1649

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი დგებუაძე, იგივე „მასტერა“ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლე გიორგი დარახველიძემ დაცვის მხარის ორი შუამდგომლობიდან ერთი დააკამყოფილა და პროცესი გადადო, აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობა კი არ დაკმაყოფილდა.  

დაცვის მხარის მთავარი არგუმენტი, სხდომის გადადებასთან დაკავშირებით იყო, რომ გია დგებუაძე, როგორც ბრალდებული, ამ ეტაპზე არ გაცნობია საქმის იმ მასალებს, რომელიც პროკურატურამ სასამართლოში გადაგზავნა და ასევე, იმ მტკიცებულებებს, რომელიც გამოძიებამ მის წინააღდეგ მოიპოვა ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით.

მოსამართლემ დგებუაძის გათავისუფლებაზე უარის მიზეზად მიმალვის საფრთხე დაასახელა, რადგან იგი  თავს არიდებდა გამოძიებას.

გიორგი დგებუაძის სასამართლო პროცესი 17 მაისს განახლდება. 

კუდის ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი დგებუაძე იგივე მასტერა თბილისში 22 მარტს ჩამოიყვანეს. გიორგი დგებუაძე ჰოლანდიაში საქართველოს პროკურატურის მოთხოვნით 2014 წლის ივნისში დააკავეს.

დგებუაძეს ორი ბრალდება აქვს   - ორი ან მეტი პირის მიერ განზრახ მკვლელობა, რაც 10-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს, მეორე - ძალადობით ან იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რაც 3-დან 8 წლამდე  პატიმრობას ითვალისწინებს. 

შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უსაფრთხოებისა და განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი ძებნაში 2013 წლის 7 მარტიდან იმყოფებოდა. 47 წლის გიორგი დგებუაძე საქართველოდან წლების წინ წავიდა, მის დასაკავებლად კი პროკურატურამ 2013 წელსვე ინტერპოლს მიმართა.

გამოძიება დგებუაძეს ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეშიც ადანაშაულებს, თუმცა ამ საქმეზე ბრალი ოფიციალურად წარდგენილი არ აქვს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე