პროკურატურაში გამართულ ბრიფინგს აშშ-ის საელჩო ეხმაურება

საქართველო, თბილისი - 13:49 | 01.04.2016
ნანახია: 1594

პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების პროცესის შესახებ საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სამართლებრივმა ატაშემ ქეთლინ კენინგმა განცხადება გააკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

„გამოძიების ფედერალურ ბიუროს მომართა საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ამ განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმეში დახმარების აღმოჩენის თხოვნით. მსგავსი ტიპის საქმეებში ჩვენი გამოცდილების გათვალისწინებით, ჩვენ გადავწყვიტეთ ტექნიკური და საგამოძიებო დახმარება აღმოგვეჩინა პროკურორებისა და გამომძიებლებისთვის. დარწმუნებულები ვართ, რომ საგამოძიებო ჯგუფი სრულყოფილად იკვლევს ყველა შესაძლო მიმართულებას დანაშაულზე პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირების მიზნით. მსგავსი ტიპის კომპლექსური საქმეები, რომლებიც მოიცავენ კიბერ კომპონენტებს და ატარებენ ტრანსნაციონალურ ხასიათს, არის განსაკუთრებით რთულად გამოსაძიებელი, მოითხოვს საერთაშორისო თანამშრომლობას სხვადასხვა დონეზე და საჭიროებს დიდ დროს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების დასრულების თვალსაზრისით. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურა უწყვეტი თანამშრომლობის პირობებში მოახდენს პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირებას და მათი ადგილსამყოფელის მიუხედავად, წარადგენს მათ მართლმსაჯულების წინაშე. ამერიკის შეერთებულ შტატებში დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, პირებს, რომლებიც შესაძლოა ფლობდნენ რაიმე ინფორმაციას აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, მოვუწოდებთ, დაუკავშირდნენ საქართველოს მთავარ პროკურატურას ან სხვა სამართალდამცავ ორგანოებს“ - აღნიშნა ქეთლინ კენინგმა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე