რატომ არ დაესწრნენ ნანა მჭედლიძის დაკრძალვას ქართველი მსახიობები - სად იყავი დღეს, ქართულო კინო?

საქართველო, თბილისი - 12:36 | 01.04.2016
ნანახია: 5942

ცნობილი კინორეჟისორი და მსახიობი ნანა მჭედლიძე 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სახალხო არტისტი ამ ქვეყნიდან უხმაუროდ გააცილეს. მის დაკრძალვას არცერთი ქართველი მსახიობი არ დასწრებია, არც კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები. აი, რას წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნანული ცხვედიანი:

"ეს-ესაა, ხონის მიწას მიაბარეს დიდი ქართველი ხელოვანი, საქართველოს სახალხო არტისტი, "პირველი მერცხლისა" და "იმერული ესკიზების" დამდგმელი რეჟისორი ნანა მჭედლიძე.
სიკვდილშიაც როგორი გენიალური აღმოჩნდა, როგორი მოკრძალებული და უპრეტენზიო! იწვა ხონის წმინდა გიორგის ტაძრის შუაგულში ეს პატარა დიდი ქალი და არც ჭირისუფალთა, არც გვირგვინთა სიმრავლით მოუჭრია თვალი ვინმესთვის, არც პატივგების განსაკუთრებული ფორმით. მის დაკრძალვაზე რომ ხალხი იყო (ძირითადად- ხონის ინტელიგენცია,ხელმძღვანელობა, ახალგაზრდობა, თითო-ორორა სტუმარი),ზოგჯერ იმაზე გაცილებით მეტიც კი მინახავს რომელიმე პატარა სოფელში გამართულ სამგლოვიარო ცერემონიალზე. ეს არ ჰგავდა მრავალმხრივ დამსახურებული ადამიანის გაცილებას უკანასკნელ გზაზე!
გაოცებული ვარ - არც ერთი "კინოვარსკვლავი", კულტურის სფეროს არც ერთი ცნობილი სახე არ გამოჩენილა, პრეზიდენტს, პრემიერს, პარლამენტარებს, მინისტრებს რომ თავი დავანებოთ! რესპუბლიკური არხებისათვის მომუშავე ქუთაისელმა ჟურნალისტებმა პარლამენტარ გია ჟორჟოლიანის მეტი ვერავინ მოძებნეს, რომ ჩაეწერათ, მხოლოდ ეს ადამიანი იყო ყველაზე ცნობილი სახე დღეს. და კიდევ - იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე.
ნანა მჭედლიძე რომ ჭეშმარიტად სახალხო მოღვაწე იყო, დღესაც გამოჩნდა. ხალხი გამოეთხოვა უდიდესი გულწრფელობით, ხალხმა გააცილა უკანასკნელ გზაზე, ხალხი იხსენებდა დღეს მისი ფილმებიდან ეპიზოდებს...
და სად იყავი დღეს, ქართულო კინო? სად იყავით, ნანა მჭედლიძის ფილმებში გადაღებულო მსახიობებო? სად იყავით, რეჟისორის კოლეგებო?“- წერს ჟურნალისტი ნანული ცხვედიანი.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე