სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის თაობაზე ჩატარებული რეფერენდუმიდან 25 წელი შესრულდა

საქართველო, თბილისი - 09:51 | 31.03.2016
ნანახია: 1917

დღეს, 31 მარტს, ქვეყანაში აღინიშნება 1918 წლის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის 25-ე წლისთავი.

რეფერენდუმში მონაწილეთა რაოდენობა შეადგენდა 3.302.302-ს (90,3 პროცეტი). მასში მონაწილეობდა სამხრეთ ოსეთის ყოფილი ოლქისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობაც.

რეფერენდუმის შეკითხვას _ "ხართ თუ არა თანახმა, რომ აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?" _ საქართველოს საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის (მათ შორის აფხაზებმა და ოსებმა) 98 %-მა პროცენტმა დადებითი პასუხი გასცა.

რეფერენდუმში მონაწილეთა 98,9 პროცენტმა მხარი დაუჭირა საართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას, რაც იქნა აღიარებული მთელი მსოფლიოს მიერ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ნების გამოვლინებად. ამის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

991 წლის 5 აპრილს გამოქვეყნდა 31 მარტს გამართული რეფერენდუმის შემაჯამებელი შედეგები, რომლის მიხედვით:

ამომრჩეველთა საერთო რიცხვი იყო 3. 657. 477

რეფერენდუმის მონაწილეთა რიცხვი - 3. 302. 572, რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 90, 3%;

კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვი - 3. 326. 100; რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 89.3%-ს;

სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის დადებითად გადაწყვეტის "დიახ" მომხრეთა რიცხვი - 3. 295. 493, რაც შეადგენს კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვის 98, 9%-ს;

სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის, "არა" მომხრეთა რიცხვი - 17.400, რაც შეადგენს კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვის 0, 53%-ს.

ბათილად ცნობილი ბიულეტენების რაოდენობა - 13. 690, რაც შეადგენს კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვის 0, 41%-ს.

აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ამომრჩეველთა საერთო რიცხვი იყო 347.175; რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო 61, 27%-მა; კენჭისყრაში - 61, 23%-მა. სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის დადებითად გადაწყვეტას მხარი დაუჭირა კენჭისყრის მონაწილეთა 97, 73%-მა, რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 59,84%-ს. უარყოფითად გადაწყვეტას - 1, 42%-მა, რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 0, 87%-ს.

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ამომრჩეველთა საერთო რიცხვი იყო 224. 788; რეფერენდუმსა და კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 96, 64%-მა. სარეფერენდუმოდ საკითხის დადებითად გადაწყვეტაში - 97, 67%-მა. უარყოფითად - 1, 42%-მა.

გუდაუთის რაიონის ადგილობრივმა ხელისუფლებამ რეფერენდუმში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. იქ მხოლოდ ერთი საარჩევნო უბანი გაიხსნა ახალსოფელში. ტყვარჩელში ადგილობრივმა ხელისუფლებამ კი მაშინ გამოთქვა სურვილი რეფერენდუმის ჩატარებაზე, როდესაც საარჩევნო უბნებისა და კომისიების შექმნის ყველა ვადა ამოწურული იყო.

ქალაქ ცხინვალში, ყორნისისა და ჯავის რაიონებში რეფერენდუმი არ ჩატარებულა. ცხინვალის რაიონში რეფერენდუმი ჩატარდა შვიდ სასოფლო საკრებულოს ტერიტორიაზე, სადაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 11376 იყო. გაიცა 10182 ბიულეტენი, რომელთაგან ორი ბათილად იქნა ცნობილი. სარეფერენდუმო კითხვას დადებითი პასუხი გასცა 10180 ამომრჩეველმა.

"რეფერენდუმის შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხი მიღებულად ჩაითვალა.

1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმს ბოიკოტი გამოუცხადა "ეროვნულმა კონგრესმა".

რაც მთავარია, ეს იყო უკანასკნელი რეფერენდუმი, რომელიც ჩატარდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე - აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ჩათვლით.

ნებისმიერი საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტი საქართველოსთან მიმართებაში იქნება ბათილი და აგრესიის გამომხატველი. თუ იგი არ გაითვალისწინებს 31 მარტის რეფერენდუმით ჩამოყალიბებულ სამართლებრივ რეალიებს.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე