პეტრე ცისკარიშვილი: სტატისტიკის დეპარტამენტი მონაცემებს აყალბებს

საქართველო, თბილისი - 13:14 | 21.09.2015
ნანახია: 2374

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ პეტრე ცისკარიშვილის თქმით, სტატისტიკის დეპარტამენტი მონაცემებს აყალბებს. უფრო კონკრეტულად კი, თვიდან-თვემდე დღგ-ს მონაცემების გაყალბებით,  მთლიანი შიდა პროდუქტის ჯამური მონაცემების ფალსიფიცირებას ახდენს.

„მაშინ, როცა ოლიგარქი ივანიშვილი და მისი ოცნების მთავრობა პოლიტიკური ოპონენტის დაჭერითაა დაკავებული, ეკონომიკა კატასტროფულ ვარდნას განაგრძობს. საზოგადოებამ იცის თუ როგორ უფასურდება ეროვნული ვალუტა და ამას აქვს თავისი მიზეზები. მინდა ყურადღება გავამახვილო სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ მონაცემების გაყალბებაზე. ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ იმაზე, რომ ისინი აყალბებდნენ თვიდან- თვემდე დღგ-ს მონაცემებს, რითაც ცდილობდნენ მთლიანი შიდა პროდუქტის ჯამური მონაცემის ფალსიფიკაციას, მაგრამ შემდეგი თვე უკვე ეწეოდა და ყველა თვეს ვერ გააყალბებდნენ, რადგან რეალური მონაცემეები უნდა დაწეოდა იმ ფალსიფიცირებულ ციფრებს. ამიტომ, ახლა გადავიდნენ სხვა მეთოდიკაზე, ინვესტიციად აფორმებენ იმპორტირებულ საქონელს. ანუ, ის რაც აქ არსებულმა კომპანიებმა იშოვეს ლარში და მოახდინეს ამ თანხის რეინვესტირება საკუთარ კაპიტალში, ეს ინვესტიციად გააფორმეს, რის შემდეგადაც ჩანს, რომ თითქოს ქვეყანაში ჯერ კიდევ შემოედინება ინვესტიცია. მაშინ ჩნდება კითხვა - რა ემართება ლარს და რატომ განიცდის დევალვაციას? პასუხი მარტივია, ეს არაა ინვესტიცია და ესაა ადგილობრივი კომპანიების  რეკაპიტალიზაცია, ახალი აპარატურის შეძენა, რაც ბუნებრივია.

ამასთან, აღსანიშნავია შემდეგი ფაქტიც - მთავრობა გვიცხადებს თითქოს გვაქვს 2,5-3 პროცენტიანი ზარდა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მოსახლეობა უნდა მდიდრდებოდეს 2-3 პროცენტით შარშანდელთან შედარებით. სინამდვილეში კი ჩვენ ვიცით, რომ პირიქით ხდება, რასაც ისევდაისევ ლარის დევალვაცია იწვევს“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე